„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა ევროპაში მშვიდობა დაარღვია და უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა და ნგრევა გამოიწვია“, - ნათქვამია NATO-ს ლიდერების სამიტის განცხადებაში.
„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ომი და გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან და მოვუწოდებთ ბელარუსს, შეწყვიტოს თანამონაწილეობა. რუსეთმა უნდა შეასრულოს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 16 მარტის გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები. რუსეთის შეტევა უკრაინაზე საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. საერთაშორისო ნორმებზე რუსეთის თავდასხმა მსოფლიოს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის. პრეზიდენტ პუტინის ესკალაციური რიტორიკა უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
NATO-ს ლიდერები ასევე გმობენ რუსეთის თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობაზე, მათ შორის ქალებზე, ბავშვებსა და დაუცველ სიტუაციაში მყოფ პირებზე.
„საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვიმუშავებთ, რათა ჰუმანიტარული და საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე, მათ შორის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობა დავაყენოთ. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი სექსუალური ძალადობისა და ადამიანებით ვაჭრობის გაზრდილი რისკის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუშვას სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გასვლა მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ სერიოზულად ეკიდება მოლაპარაკებებს, ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივი ამოქმედებით.
ალიანსის ლიდერებმა სრული სოლიდარობა გამოუცხადეს პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის მთავრობასა და მამაც უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთ სამშობლოს იცავენ.
„NATO-ს მოკავშირეებმა გააძლიერეს უკრაინის მხარდაჭერა და გააგრძელებენ შემდგომ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. NATO-ს მოკავშირეები ასევე გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხისგან დაცვა“, - ნათქვამია განცხადებაში.