ღრმად პატივცემულო ძვირფასო მეგობრებო,
სოციალურ ქსელიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბათუმში ახალაშენებული სპორტის სასახლისათვის, მსოფლიო ჩემპიონის, ბატონ მუხრან ვახტანგაძის სახელი მიუნიჭებიათ. ერთ–ერთი მოკამათე (მერაბ ბლადაძე) მიიჩნევდა, რომ გაცილებით უფრო გამართლებული და უპრიანი იქნებოდა, სასახლისათვის სამგზის მსოფლიო ჩემპიონის, ბატონ როსტომ აბაშიძის სახელი მიენიჭებინათ.
შეიძლება ამ ფაქტს არც კი გამოვხმაურებოდით, მაგრამ ჩვენი განცვიფრება იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ კამათის წამომწყები, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ყოფილი მოჭიდავე, ამავე დროს, ამჟამადაც ვეტერან მოჭიდავეთა შორის არაერთი ჩემპიონატისა და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, ბატონი ანზორ ლაზიშვილი წარმოადგენდა. გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ანზორი შეცდომაში შეყვანას კი არა, „თვალში ნაცრის შეყრას“ ცდილობს, რადგან ამ ყოვლად აუხსნელი გადაწყვეტილების გამართლებასთან ერთად დასცინის საზოგადოებას („კეისარს კეისრისაო“) და თანაც აშკარად ამახინჯებს ფაქტებს – „მუხრან ვახტანგაძე ყველაზე ტიტულოვანი მოჭიდავეა აჭარაშიო“.
ოდნავადაც არ გვინდა დავაკნინოთ საქართველოს საამაყო სპორტსმენის, ბატონ მუხრან ვახტანგაძის დამსახურება: ის არის 2001 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (2000), მსოფლიო თასი მფლობელი პირად პირველობასა (2003) და გუნდურში (2004), ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2003) და არაერთი ტურნირის გამარჯვებული და სხვა. ამასთან, დარწმუნებული ვართ, ეს მნიშვნელოვანი წარმატებები ერთობ ფერმკრთალად გამოიყურება და შესადარებლადაც ვერ უახლოვდება ბატონ როსტომ აბაშიძის მიღწევათა ნუსხას: მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ სამჯერ (1958, 1962, 1963) – 1962 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართებოდა, შემდეგ დაწესდა ყოველწლიურად (ანუ ხუთი წელიწადი რ. აბაშიძე პლანეტის უძლიერეს მოჭიდავედ ითვლებოდა); მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონი (1957), საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1957, 1960, 1962); ტოკიოს ოლიმპიური თამაშების (1964) მე–5 ადგილი; არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (სულ ჩატარებულ ცხრა ათეულ საერთაშორისო შეხვედრაში არც ერთი დამარცხება); როდესაც 1963წელს როსტომი და უნგრელი პოიაკი მესამედ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები, მთელ პლანეტაზე იყო მხოლოდ სამი სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ_რომაულ ჭიდაობაში: გივი კარტოზია, როსტომ აბაშიძე და უნგრელი პოიაკი. 2004 წელს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ რ. აბაშიძე ოქროს მედლითა და სიგელით დააჯილდოვა. ყურადსაღებია ისიც, რომ 2000 წელს რ. აბაშიძე დასახელდა აჭარის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად.
ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ აჭარის ჭიდაობის ფედერაციამ არ იცის ბატონ რ. აბაშიძის ღვაწლი და დამსახურება საქართველოს წინაშე სპორტის განვითარების საქმეში. ამიტომაც ვართ გაოგნებულნი და ვერ აგვიხსნია, თუ რამ განაპირობა, ან ვისი ზეგავლენით განხორციელდა ერთგზის ჩემპიონისთვის სამგზის (5 წლის განმავლობაში უწყვეტად) ჩემპიონთან გათანაბრება და უპირატესობის მინიჭება?!
გვინდა ვიფიქროთ, რომ აჭარის ხელმძღვანელობა გულთან ახლოს მიიტანს ამ ჩვენს პირუთვნელ მოსაზრებას, ჩათვლის მას გულწრფელ რჩევად, ზემოაღნიშნულ აშკარა არაობიექტურობას დროულად აღმოფხვრის და ბათუმში ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ ნაგებობას (ობიექტს) მიენიჭება მისი მკვიდრის, აჭარის ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენის როსტომ აბაშიძის სახელი.
მერაბ ზაქარიაშვილი - ბიზნესმენი,
ელგუჯა მეძმარიაშვილი - საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი, საპატიო ბათუმელი,
ვლადიმერ (სიომა) ბარქაია - თბილისის დინამოს ვეტერანი ფეხბურთელი,
ვლადიმერ (ვოვა) ისელიძე - ვეტერანი წყალბურთელი.