„მცხეთის რაიონში, 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებების 90%-ზე მეტი შესრულებულია და გაკეთებულია იმაზე მეტი, რაც დაპირებული იყო", - ამის შესახებ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების" მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა და აქვე 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოფიციალურად გაჟღერებული და დარიგებული დაპირებების ნუსხა წარმოადგინა.
მისი თქმით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით, მოცემულ პერიოდში, 16 ათასზე მეტმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა. ასევე, ხუნდაძის განმარტებით, ამოქმედებულია C ჰეპატიტის პროგრამა, რომლითაც ამჟამად, მცხეთის 8 მოქალაქე მკურნალობს.
„დაპირებული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, დიდი ნაწილი უკვე გაკეთებულია, თუმცა გარკვეული ნაწილი ბოლომდეა მისაყვანი. რამდენიმე სრულიად ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, რომელთაგან რამდენიმე უკვე გახსნილია და ზოგიერთი ახლა შენდება. 10 დღის განმავლობაში, მუხრანში დაიწყება უპრეცედენტო, მილიონ შვიდასი ათასი ლარის ღირებულების საბავშვო ბაღის მშენებლობა. 2012 წელს 800 ბავშვი დადიოდა საბავშვო ბაღში და დღეს უკვე 1500-ს აღწევს ეს რიცხვი. შესრულებულია 4 მილიონ ნახევრიანი მოცულობის პროექტი კულტურის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის მოპირკეთება ახლა მიმდინარეობს, ასევე სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რომელსაც მცხეთელებს ყველა ხელისუფლება ჰპირდებოდა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეასრულა. ამ პროექტის 70% შესრულებულია და სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოს დასრულდება. 5-მილიონიანი ღირებულების პროექტი მუზეუმის მშენებლობასთან დაკავშირებით ნოემბერში დაიწყება. სექტემბერში დაიწყება 10-მილიონიანი კერძო ინვესტიცია 114 საწოლზე", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუდნაძის თქმით, უახლოეს მომავალში, ძალიან ბევრი პროექტია დაგეგმილი, რომელიც თავისი ფუნქციის გარდა, დასაქმების კუთხითაც მნიშვნელოვანია.
„უახლოეს ხანში, მოსახლეობას შეგვიძლია შევთავაზოთ 700-800 სამუშაო ადგილი. ეს არის რეალობა და არა დაპირება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.