logo_geo
eng_logo
ავსტრიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელი შესრულდა
- +

25 მარტი. 2022. 15:03

 

 

„დღეს, 25 მარტს, ავსტრიასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელი სრულდება. „ორ ქვეყანას მეგობრობის დიდი ტრადიცია აქვს. ავსტრიამ ჯერ კიდევ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოში 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ცნობილი ავსტრიელი მწერალი, პაციფისტი და მშვიდობის განმტკიცების დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ბერტა ფონ ზუტნერი, რომელიც ქართულ-ავსტრიული მეგობრობის სიმბოლოდ არის ქცეული“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

ავსტრიისა და საქართველოს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, 1993 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო ავსტრიაში, ხოლო ავსტრიის დიპლომატიური მისია საქართველოში 2016 წლიდან არის წარმოდგენილი.

 

„ავსტრიამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ინსტიტუციონალური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მონაწილეობით განხორციელებული არაერთი პროექტის საშუალებით. სააგენტოს წარმომადგენლობა თბილისში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. ამას გარდა, ავსტრია ევროკავშირის Twinning-ის პროექტებში ჩართულობის მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა“, - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

 

ავსტრიასა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებული პარტნიორობა მოიცავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს, მათ შორისაა ეკონომიკა, ტურიზმი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურა. აქტიურია კავშირები ორი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებს, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტსა და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნულ საბჭოს შორის.

 

„აღსანიშნავია ავსტრიული კომპანიების მზარდი დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით. ავსტრიული კაპიტალით და კომპანიების მონაწილეობით განხორციელდა და გრძელდება მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები სხვადასხვა სფეროში. აგრეთვე, დინამიკურად ვითარდება კულტურისა და განათლების საკითხებში თანამშრომლობა. ორი ქვეყნის ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თბილისსა და ინსბრუკს შორის არსებულმა 40-წლიანმა მეგობრობამ. ბოლო წლებში, თანამშრომლობა ჩამოყალიბდა ასევე კახეთსა და შტირიის ფედერალურ მიწას და სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ტიროლის ფედერალურ მიწას შორის. ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ისევე, როგორც მის ევროპულ ინტეგრაციას“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner