საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკის“ წამყვანი, ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური ახალბედა მამის ამპლუაშია. ორი თვის ის და ხატია კობერიძე ბიჭის, ნიკოლას, მშობლები გახდნენ. ბავშვი ბელგიაში დაიბადა. ვაკოს საქართველოში მალე მოუწია დაბრუნება და თვე-ნახევარი ცოლ-შვილის მონატრებით გაატარა.
„ჩემი მეუღლე, ხატია კობერიძე ბელგიის მოქალაქეა, ამიტომაც გადაწყვეტილი გვქონდა, ჩვენი შვილისთვისაც არ წაგვერთმია შანსი, ყოფილიყო ევროპის მოქალაქე, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად. ორსულობის ბოლოს ბელგიაში გავემგზავრეთ.
თავიდან ექოსკოპიაზე გვითხრეს, რომ გოგონას მშობლები გავხდებოდით. სახელიც შევურჩიეთ, ტანსაცმელიც ვუყიდეთ. მეორედ რომ წავედით ექოსკოპიაზე, ექიმს ძალიან გაუკვირდა, რომ გოგოს მოლოდინი გვქონდა, აშკარად ბიჭი არისო“, - ჰყვება ვარლამ წიკლაური „სარკესთან“ საუბარში.
„თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, მშობიარობას დავსწრებოდი. ისე განვიცადე, რომ მშობიარობის შემდეგ ყველა კუნთი მტკიოდა. დაახლოებით 18 საათი გაგრძელდა მშობიარობა და მთელი ეს პერიოდი მეუღლეს გვერდიდან არ მოვშორებივარ“, - ამბობს ვარლამი.
ნიკოლას დაბადების შემდეგ წყვილის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა.