logo_geo
eng_logo
პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ კაჭრეთში ორდღიანი ღონისძიება გამართა
- +

26 მარტი. 2022. 13:42

 

 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებულმა პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ კაჭრეთში ორდღიანი შეხვედრები გამართა.

 

ღონისძიებაზე პროფესიული განათლების განვითარების კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხედვაზე იმსჯელეს და პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების შესრულების მდგომარეობა მიმოიხილეს. 

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, ასევე, პროფესიული განათლების სტრატეგიის შეფასება ETF-ის პრეზენტაცია. 

 

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, პროფესიული განათლება ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია სწორად განვითარებული და შექმნილი კადრების ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირება. 

 

„მეათე მოწვევის პარლამენტში კარგ პრაქტიკას ჩაეყარა საფუძველი, რაც სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შექმნას გულისხმობს. საბჭოში გაწევრიანებული არიან როგორც პროფესიული სწავლების კერძო, ასევე, საჯარო სექტორის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები. ღონისძიების ფარგლებში, ძალიან კარგი დისკუსია გაიმართა, რომელზეც კონკრეტული საკითხები დაისვა, რასაც კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება. ეს კი ხელს შეუწყობს ინტელექტუალური რესურსის ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, შეხვედრაზე ყველა იმ პრობლემურ საკითხზე იმსჯელეს, რაც პროფესიულ განათლებაში არსებობს.

 

„მოვუსმინეთ უნარების სააგენტოს. იგი ახალი, მაკოორდინირებელი ორგანოა, რომელმაც უნდა შეითავსოს მთელი რიგი გამოწვევების აღმოფხვრის ფუნქცია პროფესიული განათლების კუთხით. ასევე მოვისმინეთ არასამთავრობო სექტორის, დონორი ორგანიზაციების და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლების მოსაზრებები, რაც ჩვენთვის, როგორც კანონმდებლებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა. 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ბიზნესსექტორთან მისი მჭიდრო კავშირის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი და პროფესიული განათლება ერთმანეთში მჭიდროდ თანამშრომლობდნენ იმისათვის, რომ კვალიფიციური კადრები მიაწოდონ ბიზნესს. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, რაც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას და რისი დეფიციტიც გვაქვს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. 

 

შეხვედრაში საპარლამენტო კომიტეტებთან ერთად, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის ექსპერტები მონაწილეობდნენ.

 

ღონისძიება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner