„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა", - ამის შესახებ უწყების მიერ საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს დეზინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმეზე, 2007 წლის 26 მარტს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საჩივრის შეტანისას, მათ წარადგინეს დაზარალებულთა შესაბამისი სია და დოკუმენტაცია, ხოლო მას შემდეგ საქართველოს ინტერესების დაცვა არ ხდება, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.
აღნიშნული სიცრუის პასუხად, 6 აგვისტოს იუსტიციის სამინიტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა გააკეთა საპასუხო, არგუმენტირებული განცხადება.
მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს დეზინფორმაციას, სახელმწიფო ინტერესების ხელყოფას ჯერ კიდევ მიმდინარე სასამართლო დავაზე და ადასტურებს დეპორტაციის მსხვერპლი ჩვენი მოქალაქეებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას.
ამგვარი ქმედებების აღსაკვეთად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს ქვემომოყვანილ ინფორმაციას საქმეში არსებულ შესაბამის მასალებთან დაკავშირებით.
2008 წლის 6 ივნისის წერილით, სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი პალატის თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ავალებს, რომ 2008 წლის 11 ივლისამდე წარადგინოს დეტალური ინფორმაცია ყველა იმ დაზარალებულის შესახებ, რომელთა შესახებაც თავდაპირველ საჩივარსა და დამატებით მოსაზრებებში უთითებდა ქართული მხარე (იხ. 2008 წლის 6 ივნისის წერილი).
შესაბამისად, ნათელია, რომ თავდაპირველი საჩივრის წარდგენიდან თითქმის 15 თვის მანძილზე(2007 წლის 26 მარტი - 2008 წლის 6 ივნისი), წინა ხელისუფლებას დაზარალებულთა სრული სია სტრასბურგის სასამართლოსთვის არ წარუდგენია და ამ ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, მას დამატებითი ვადა მიეცა.
პალატის თავმჯდომარის ინსტრუქციის პასუხად, 2008 წლის 11 ივლისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს აწვდის სხვადასხვა მასალას და „რუსეთის ხელისუფლების მიერ დაზარალებულთა სიას". მთავრობის თქმით, ეს სია მოიცავს გამოძევებულ პირთა პირად მონაცემებს და ქალაქების სახელებს, სადაც მათ მიმართ დარღვევები იქნა ჩადენილი (იხ. 2008 წლის 11 ივლისის წერილი).
2008 წლის 11 ივლისის ამ წერილისა და დანართების მიღებას სტრასბურგის სასამართლო იუსტიციის სამინისტროს უდასტურებს 2008 წლის 21 ივლისს შემდეგი ტექსტით:
„გვაქვს პატივი დაგიდასტუროთ 2008 წლის 11 ივლისის წერილისა მიღება ფაქსით და ასევე შემდეგი დოკუმენტების მიღება ელექტრონულად: ....; ....; დაზარალებულთა საიდენტიფიკაციო 118 დოკუმენტი (პასპორტები, დაბადების მოწმობები და ფოტოები)" (იხ. 2008 წლის 21 ივლისის წერილი).
შესაბამისად, ნათელია, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, სტრასბურგის სასამართლოს მხოლოდ 118 დაზარალებულის სია გადაეგზავნა და მაშინდელ ხელისუფლებას, რომელიც აცხადებდა, რომ ევროპულ სასამართლოში 4600 დაზარალებულის უფლებების დასაცავად იბრძოდა, არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ 118-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის მონაცემი შეეგროვებინა და გადაეცა ევროპული სასამართლოსთვის.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მმართველობის პერიოდში, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი ქვეყნისათვის დამაზიანებელი ამ ხარვეზის გამოსასწორებლად, და მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის მოვლენებიდან არაერთი წელი იყო გასული, ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები, რათა მიუხედავად ნაკლოვანი სიისა, დავა არა მხოლოდ 118 დაზარალებულის ნაწილში ყოფილიყო მოგებული, არამედ სრულად ყოფილიყო საქართველოს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილებული. 2014 წლის 3 ივლისს, დავა არსებითად მოგებით დასრულდა ყველა, 4600 დაზარალებულის ნაწილში (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, პარაგრაფი 135).
ამის შემდეგ, წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობა ისევ გაგრძელდა, ვინაიდან საქმის არსებითად დასრულების შემდეგ ევროპულ სასამართლოში დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურა დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს. ამ პროცედურის ფარგლებში კი თითოეული დაზარალებულის ინდივიდუალურმონაცემებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რაც ნაციონალური მოძრაობის დროს ევროპულ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.
2014-2015 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუკავშირდა არაერთ დაზარალებულს, რომელთაგან 345-მა განაცხადა თანხმობა, ყოფილიყო სიაში; 25-მა განაცხადა, რომ არ სურდა სიაში ყოფნა (კვლავ რუსეთში დაბრუნდა, და სხვ.), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ევროპული სასამართლო მათ დაიცავდა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებისგან. 2016 წლის 1 აპრილს, ეს შედეგები და სახელობითი სიები მიწოდებულ იქნა ევროპული სასამართლოსთვის, რომელსაც ეცნობა, რომ დაზარალებულებთან მუშაობა კვლავ მიმდინარეობდა (იხ. 2016 წლის 1 აპრილის წერილი).
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ასეულობით დაზარალებულის დოკუმენტაციაზე ამჟამადაც მუშობს, რისთვისაც საქართველოს მთავრობას ვადა 2016 წლის სექტემბრამდე აქვს.
აყენებს რა საზოგადოებას საქმის კურსში ზემოხსენებული პროცედურული დეტალების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შეახსენებს ყველას, რომ საქმე ეხება ჯერ კიდევ მიმდინარე სასამართლო დავას და მოუწოდებს ნაციონალურ მოძრაობას, სასწრაფოდ შეწყვიტოს ქვეყნისა და სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა ცრუ განცხადებებისა და მცდარი ინფორმაციების განზრახ გავრცელების გზით", - ნათქვამია უწყების მიერ გავცრელებულ განცხადებაში.