ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მედეა ჯანიაშვილი თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის 13 წევრი დაკავებას ეხმაურება, რომლებიც ტურისტებს მოტყუებით შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო დიდ თანხებს ახდევინებდნენ.
მედეა ჯანიაშვილი მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფ რეაგირებას ტურისტების წინააღმდეგ ჩადენილი თაღლითობის შემთხვევაზე.
„ძალიან სამწუხაროა, ასეთი ფაქტების არსებობა ჩვენს ქვეყანაში ტურისტების მიმართ, რაც განსაკუთრებით მოქმედებს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯზე. მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება აღნიშნული შემთხვევის აღმოფხვრის მიმართულებით“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხოელი ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითური ქმედებით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ. ბრალდებულები ტურისტებს მოტყუებით, მუქარით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს. მათი დანაშაულებრივი ქმედებით სერიოზულად ილახებოდა საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, იმიჯი და ჩვენს ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემოს რეპუტაცია.