logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: მერაბ ხაჩიძე - 68!!!
- +

27 მარტი. 2022. 14:07

 

 

დღეს მისი დაბიდუბია.

 

68-ჯერ ვულოცავ  ჩემს უსაყვარლეს მეგობარს!

 

რა თქმა უნდა, დღეგრძელობას და სხვა უამრავ კეთილ სურვილს ვუგზავნი.

 

იმსახურებს! კარგი შვილია, მეუღლე, მამა, სუპერ-ბაბუა და...

 

პროფესიონალია, თანაც ორ ისეთ სფეროში, რომელიც განსაზღვრავს მის შეუცვლელობას იმ საზოგადოებაში, რომელსაც ის ეკუთვნის: ჟურნალისტურ ოჯახსა და საძმო-სამეგობროში. აი, ამ დიდ წრეში კი იგი აშკარად გამორჩეულია, ერთ-ერთი უპირველესია და სამაგალითო.

 

43 წლის წინათ, გასაუბრებაზე რომ დატოვა საოცრად კარგი შთაბეჭდილება, ის თითქმის არ შეცვლილა. უფრო სწორად, ოდნავ შეიცვალა იმით, რომ დაემატა რამდენიმე ისეთი თვისება, რომელიც ნაცნობობის პირველ საათებში შეუძლებელი იყო შემემჩნია. მაგრამ „ბაზა“ ურყევი აღმოჩნდა: შემოქმედებითი ნიჭი, პროფესიისადმი ერთგულება, პასუხისმგებლობის გასაოცარი დონე, კრისტალური პატიოსნება და... მხოლოდ რაინდებისთვის დამახასიათებელი უღალატობა!

 

„იმ“ წლებში უმწვავესად იდგა  კოლექტივის რეპუტაციის საკითხი, რამეთუ ტელე-რადიო უკომპრომისოდ ებრძოდა კორუფციას, ქურდულ სამყაროს, „ნარკომაფიას“ და... მოქალაქეთა მიმართ სახელმწიფო სტრუქტურების თუ ადგილობრივი დანაყოფების ჩინოვნიკთა უსულგულობას.

 

მერაბის სახელთან არის დაკავშირებული ყველაზე უმწვავესი კრიტიკული გადაცემები, მათ შორის, „ბიუროკრატთა გალერეა“ - მისი დაწყება, არსებობა და განუზომელი ავტორიტეტი. და აქედან გამომდინარე უმწიკვლობა. ეს პრინციპული საკითხი გახლდათ, რამეთუ მორალს არ უნდა კითხულობდეს ამორალური ხალხი.

 

და ამ მხრივ, მერაბი იყო ტელევიზიის (და მისი ხელმძღვანელობის) გამორჩეული სახე, რომლის კრისტალური პატიოსნება იძლეოდა იმის აბსოლუტურ გარანტიას, რომ ყველაზე ბოროტ ენასაც კი არ „წამოცდენოდა“ სიბინძურე ტელერადიოს კოლექტივზე.

 

პაწია ასაკთან „შეუფერებელი“ ჭკვიანური დაკვირვებებით და მახვილგონივრული „დასკვნებით“  უკვე „სახელგანთქმული“ შვილიშვილი, როდესმე, მოწიფულ ასაკში, ბუნებრივია დაინტერესდება ბაბუამისის განვლილი გზით და სახელით და, ვიმედოვნებ, მისი მამიკო გიორგი ამ მილოცვას წააკუთხებს, ეტყვის: იოანე, იცოდე, რა მაგარი და ხელის გულზე სატარებელი ბაბუა გყავდაო.

 

და ას წელს კარგა ხანს გადაცილებული მერაბ ხაჩიძე მის გასაგონად ჩაილაპარაკებს: საინტერესო ცხოვრებით განვვლე ეს გზა და არასოდეს მიღალატია სამშობლოსთვის, ოჯახისთვის, პროფესიისა და მეგობრობისთვის.

 

და ამ პრინციპებით იცხოვრეო, ბაბუ!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner