„უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის დანილოვის განცხადება შეიძლება ორ ნაწილად განვიხილოთ, ერთის მხრივ დანილოვის განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ ყველა ქვეყანა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, უკრაინას სურს საქართველოს ომში ჩართვა, რათა რუსეთს ახალი ფრონტის ხაზი გაეხსნას, რაც უკრაინის მდგომარეობას შეამსუბუქებს. ჩვენი მთავრობაც ანალოგიურად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ყველაფერს აკეთებს ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მეორეს მხრივ დანილოვი უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ჩვენს ქვეყანას კარნახი არ სჭირდება თუ როგორ მოიქცეს, ყველასთან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენი შვილების მომავალს და კეთილდღეობას სხვა ქვეყნის ინტერესებს ვერ შევწირავთ“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას, რომლის თანახმად დანილოვი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო და მოლდოვა თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით დაკავდებიან, ეს უკრაინას დიდად დაეხმარება.
მისი თქმით, საერთაშორისო დონეზე საქართველო უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს:
„არ მინდა უხეშად ვთქვა, მაგრამ მიმდინარე ომმა უკრაინას პოლიტიკური ღირსება დაუკარგა, აღნიშნულს მათი განცხადებები ადასტურებს, მენტორული ტონით საუბარს იქნებ სჯობდეს საქართველოს დახმარება ადეკვატურად შეაფასონ. რაც შეეხება ზოგადად უკრაინის მხარდაჭერას, საერთაშორისო დონზე საქართველო უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს. მთავრობამ უკრაინას ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა, ვიფარებთ და ღირსეულად ვმასპინძლობთ უკრაინიდან დევნილ მოსახლეობას და ა.შ. თვითონ კი დღემდე, რუსეთის გაზს ევროპისკენ შეუფერხებლად ატარებენ“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.