უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პირველი ინტერვიუ მისცა რუს ჟურნალისტებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინას შეუძლია, რეფერენდუმზე მიიღოს გადაწყვეტილება ნეიტრალურ სტატუსზე, მაგრამ კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებებს, მინიმუმ, ერთი წელი დასჭირდება. ხაზგასმით აღინიშნა ისიც, რომ რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია, ვიდრე რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე არიან.
„რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა მზადაა განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, მაგრამ ეს უნდა იყოს გარანტირებული მესამე მხარის მიერ და ასევე, გატანილი უნდა იყოს რეფერენდუმზე. უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი. ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი. დაინტერესებულები ვართ, რომ ეს ქაღალდი გადაიზარდოს სერიოზულ შეთანხმებაში, რომელსაც ხელს მოაწერს უსაფრთხოების ყველა გარანტორი იქ, სადაც არის უსაფრთხოების გარანტიის პუნქტები. ეს უნდა იყოს რატიფიცირებული გარანტიები ქვეყნების პარლამენტების მიერ და უკრაინაში რეფერენდუმი უნდა იყოს. კონვენციის თვალსაზრისით, არავინ არასოდეს ჩათვლის ამ რეფერენდუმის შედეგებს, თუ ქვეყნის ტერიტორიაზე არის ჯარები, შეიარაღებული უკანონო ფორმირებები ან სხვა სახელმწიფოს კანონიერი ფორმირებები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ეს შეუძლებელია. ჯარები უნდა გაიყვანონ, გარანტიებს ყველა მოაწერს ხელს და ეს ყველაფერი გააგრძელებს მუშაობას. შემდგომი რატიფიცირება პარლამენტებში, რეფერენდუმი რამდენიმე თვეში და შემდეგ ცვლილებები კონსტიტუციაში“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.