საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა დღეიდან იწყება. დეპუტატები პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.
დღეს მოქმედი კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოში დავის საფუძველი ნორმა საჩივრდება და არა - კონკრეტული ქმედება. კანონპროექტის ინიციატორების ცნობით, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კომპეტენციების გამიჯვნა ელჩების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხზე სწორედ აღნიშნული ცვლილებების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
საკანონმდებლო ინიციატივაში ოპოზიცია პრეზიდენტის დასჯის სურვილს ხედავს, მმართველი გუნდი კი ოპონენტებს განუმარტავს, რომ საქმე კანონს ეხება და არა პირად დავას.