ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შემოწმებით პარლამენტს ოფიციალურად უკვე მიმართა. შიხიაშვილი განსაკუთრებულ აქცენტს 2012-2014 და 2014 -2016 წლებზე აკეთებს. 2012-2014 წლებზე იმიტომ, რომ მაშინ ვეტერანთა დეპარტამენტი თავდაცვის უწყებაში შედიოდა და თავდასცვის მინისტრი სწორედ ირაკლი ალასანია გახლდათ. 2014-2016 წლებზე კი იმიტომ, რომ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური შიხიაშვილმა ჩაიბარა.
„მინდა საზოგადოებამ გაიგოს, რა კეთდებოდა ვეტერანებისთვის ალასანიას მინისტრობის პერიოდში და რა გაკეთდა ჩემი მუშაობისას. აუდიტის სამსახურის გამოკვლევით ყველაფერი გამოჩნდება, შეწყდება ჭორაობა და სპეკულირება ვეტერანთა სახელით და გამოჩნდება ბიუჯეტის ხარჯვა რამდენად კანონიერი იყო ალასანიას დროს და შიხიაშვილის პერიოდში", - აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი.
მაჟორიტარობის კანდიდატი თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს - ირაკლი ალასანიას მიმართავს და ახსენებს, რომ მეომრები ბრძოლის ველზე არ ტოვებენ ერთმანეთს და მითუმეტეს, ბიუჯეტს არ პარავენ. ყოფილ მინისტრს იმასაც ახსენებს, რომ ალასანიას პერიოდში უწყების ბიუჯეტი ასეულობით მილიონ ლარს ითვლიდა. თავად კი მილიონნახევრიანი ბიუჯეტით დაიწყო, რომელიც 8 მილიონ ლარამდე გაზარდა.
„მივმართავ ალასანიას, როდესაც თვლის, რომ დიდ პოლიტიკურ ბრძოლაში ერთვება იმისთვის, რომ საზოგადოება გაათავისუფლოს ე.წ. „ტირანიისგან", კარგად დაფიქრდეს, თუ ვისთან ერთად აპირებს ამას", - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა „კვირას" პრესკლუბში განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი ალასანიას და მისი ფრაქციის წარმომადგენლებს არ ესმით, რომ ვეტერანებში ერთმანეთის მიტოვება ბრძოლის ველზე მიუღებელია და მით უმეტეს მათი ბიუჯეტის გაფლანგვა ყველაზე დიდი დანაშაულია.
„ის ადამიანები, რომლებიც ამ განცხადებას აკეთებდნენ, არიან ირაკლი ალასანიას ფრაქციის წევრები. ეს უვიცი ადამიანები ეჭვი მეპარება, ალასანიასთან შეთანხმებულად აკეთებდნენ ამ განცხადებას. ელემენტარულად, უნდა სცოდნოდათ, რომ შიხიაშვილი არ არის ის საჯარო მოხელე, რომელმაც არ იცის, თუ როგორ უნდა ხარჯოს ბიუჯეტი კანონის შესაბამისად. არ ესმით ის, რომ ვეტერანებში, ზოგადად, ერთმანეთის მიტოვება ბრძოლის ველზე არის მიუღებელი და მით უმეტეს მათი ბიუჯეტის გაფლანგვა ყველაზე დიდი დანაშაულია. რადგან ეს მათთვის გაუგებარია, მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ 2012 წლიდან ალასანია გახლდათ თავდაცვის მინისტრი, როდესაც ეს დეპრტამენტი იყო მისი ქვეუწყება. მინდა, რომ აუდიტის სამსახურმა ბიუჯეტის ხარჯვის შემოწმება სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყოს, როცა ის მინისტრ ალასანიას ქვეუწყებას წარმოადგენდა. ამით გამოჩნდება, თუ რა ხდებოდა მაშინ და რა გაკეთდა", - აღნიშნა ვეტერანების ყოფილმა ხელმძღვანელმა.
როგორც შიხიაშვილმა აღნიშნა, ალასანიას მინისტრობის პერიოდში არცერთი პროექტი არ განხორციელებულა.
„მათ ჰქონდათ საკმაოდ დიდი ბიუჯეტი, ჰქონდათ პრობლემების გადაწყვეტის საშუალება, მაგრამ იმ პერიოდში არც ჰოსპიტალის თემა, არც ვეტარანების სოციალური მდგომარეობის თემა, არც მათი ჯანმრთელობის მოწესრიგებისთვის რაიმე კონკრეტული პროექტი არ დაწყებულა. მინდა, დაინახოს საზოგადოებამ, რომ ალასანიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, პრაქტიკულად არაფერი არ გაკეთებულა. თუ რამე გაკეთდა, მინდა, შეისწავლოს აუდიტის სამსახურმა, რამდენად სამართლიანდ გაკეთდა", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
ვეტერანების ყოფილი ხელმძღვანელი ალსანიას ურჩევს, კარგად დაფიქრდეს, ვისთან ერთად აპირებს პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას.
„სამწუხაროა, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან ალასანიას გუნდში არიან საქმეში ჩაუხედავები და ზედაპირულად მოაზროვნეები. ფაქტების გადაუმოწმებლად, მზად არიან, საზოგადოებას უთხრან მტკნარი სიცრუე, ერთმანეთში ვერ არკვევენ ორი ორგანიზაციის სახელს. არ იციან ის, რომ უსასყიდლოდ პერსონალური ინფორმაციის გადაცემა უნდა ხდებოდეს თითოეული პიროვნების თანხმობის შედეგად და სასყიდლით პერსონალური ინფორმაციის გადაცემა ისჯება კანონით.
მივმართავ ალასანიას, როდესაც თვლის, რომ დიდ პოლიტიკურ ბრძოლაში ბატალიონში ერთვება, რომ საზოგადოება გაათავისუფლოს ე.წ. „ტირანიისგან", კარგად დაფიქრდეს, თუ ვისთან ერთად აპირებს ამას. თუ ალასანია ტყუილებით აპირებს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ გვყავს უვიცი საზოგადოება. საზოგადოება კარგად არჩევს თეთრს და შავს, მით უმეტეს ვეტერანები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვეტერანები მათი ამბიციებისა და ინტერესებისთვის საპამპულო ვერ გახდებიან", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.