„დღეს, ჩვენი საზოგადოების, ისე როგორც მთელი მსოფლიოს ყურადღება კონცენტრირებულია უკრაინაზე. პარლამენტის თავმჯდომარის და საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ადამიანებისთვის, ჩვენი თანამემამულეებისთვის უკრაინაში, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პირველი პირებისაგან შეიტყონ ის აქტივობები, რითაც დღეს პოზიციონირებს ქართული სახელმწიფო, ხელისუფლება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ შეხვედრაზე, რომელიც უკრაინაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში გაიმართა.
ბექა ოდიშარიას განცხადებით, თითოეული დიასპორული ორგანიზაცია ფლობს გარკვეულ ბერკეტებს, აქვს ურთიერთობები ადგილზე, აერთიანებს გარკვეულ ჰუმანიტარულ და ფინანსურ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვანია მოხდეს ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, აღნიშნული რესურსების რაციონალურად გადანაწილებისთვის.
კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს, საქართველოს გენერალურ კონსულს ოდესაში თორნიკე ბერეკაშვილს და საელჩოს ყველა თანამშრომელს უკრაინაში მათი საქმიანობისთვის.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ელჩისგან და გენერალური კონსულისგან ინფორმაციის მიღება, რომელთაც მინდა განსაკუთრებულად გადავუხადო მადლობა, რადგან მხოლოდ სამი-ოთხი საელჩო და დიპლომატური მისია არის დარჩენილი უკრაინაში და მათ შორის, ჩვენი მისია გამოირჩევა ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებზე განსაკუთრებული ზრუნვით“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ იმ საჭიროებებზე ისაუბრეს, რაც რთულ ვითარებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ქმედითი დახმარების გასაწევად არის საჭირო. დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კომიტეტის მიერ უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების პერიოდში ჯანდაცვითი და ჰუმანიტარული მიმართულებით განხორციელებული აქტივობები.
„მინდა მშვიდობა გისურვოთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ყველა მიმართულებით. ჩვენ უნდა შევძლოთ და ეს პროცესი სწორად ვმართოთ-რაც შეიძლება ნაკლები ზიანით და რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ მშვიდობას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ონლაინ-შეხვედრაში 20-ზე მეტი დიასპორულმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი და საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ოდესაში თორნიკე ბერეკაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პოლონეთში და მოლდოვაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები და საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულები უკრაინასა და პოლონეთში.