საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა იმსჯელა პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ალექსანდრე რაქვიაშვილისა და ჰერმან საბოს მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ ცვლილების პროექტზე.
კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის კონკრეტულ წევრებს უფლება ექნებათ, მოითხოვონ და მიიღონ კონფედენციალური ინფორმაცია ეროვნული ბანკისგან. მომხსენებლის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ეს საშუალებას მისცემს პარლამენტს, გააუმჯობესოს საქართველოს ეროვნულ ბანკზე საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება.
განხილვის შემდეგ კომიტეტმა წარდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, „კონფიდენციალური ინფორმაციის მფლობელი შეიძლება იყოს არა მარტო ეროვნული ბანკი, არამედ სხვა სახელმწიფო ინსტიტუცია, ჩვენ რომ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით საკითხი ამ ერთი ჩანაწერით ერთი კონკრეტული უწყებრივი მიმართულებით გადავწყვიტოთ, ვფიქრობ ამით ბევრ სფეროში წარმოიშვება უხერხული მომენტები. ეროვნული ბანკი პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოა, რომელის ინფორმაციის გამოთხოვის უფლება პარლამენტის წევრს ისედაც აქვს. რაც შეეხება კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის საკითხს. პარლამენტის რეგლამენტში გაწერილია, რა ხარისხის კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს პარლამენტის წევრს, კომიტეტის თავმჯდომარეს, თუ ნდობის ჯგუფის წევრს, ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფორმატებია რეგლამენტში და ზოგადად კანონმდებლობაში გაწერილი. შესაბამისად ჩვენ, როგორც სავალდებულო კომიტეტი ამ სახით შემოთავაზებულ ცვლილებას ვერ დავეთანხმებით“, -აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სხდომაზე იმსჯელეს საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით შემოსული განაცხადის თაობაზე, რომელიც 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის მიზნით იქმნება.
იქიდან გამომდინარე, რომ განაცხადი მთელ რიგ ფაქტობრივ შეცდომებს შეიცავდა, კომიტეტმა ამ ეტაპზე მხარი არ დაუჭირა საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირებას.