logo_geo
eng_logo
არჩილ ჩიქოვანი: გვაქვს ამბიცია, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ბათუმში ყველა ჩვენ თანამოქალაქეს უსაფრთხო საცხოვრისი ჰქონდეს
- +

28 მარტი. 2022. 19:01

 

 

„დღეს არის ახალი ეტაპი პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ , რომლიც საქართველოს მთავრობის მიერ იქნა მხარდაჭერილი. ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდით აღნიშნულ პროგრამის შემუშავებაზე“, - ამის შესახებ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ბათუმში დაახლოებით 300-მდე ლოკაციაზე, 3 000 ოჯახი ცხოვრობს ავარიულ შენობებში.

 

„ისინი ცხოვრობენ შეუსაბამო პირობებში და აქვთ ძალიან მძიმე მდგომარეობა. მოსულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შესაბამისი დასკვნები, რის თანახმადაც, ამ ადამიანებისთვის საჭიროა ყველა ის თანმხვედრი ნაბიჯი გადაიდგას, რასაც ჩვენ ვახორციელებთ. 20 მილიონი ლარი დაიხარჯება წელს მიზნობრივად ამ მიმართულებით. შემდგომი ეტაპი, რომელიც მთავრობის მიერ იქნა მხარდაჭერილი 150 მილიონი ლარის ოდენობით, გულისხმობს აჭარის მთავრობის დამატებით მხარდაჭერასა და კერძო სექტორის ჩართულობას“, - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

 

მისი თქმით, პროექტის პირველი ეტაპი გულისხმობს, როგორც რეაბილიტაციას, ისე ახალი სახლების მშენებლობას.

 

„სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება ის პროგრამები, რომელიც გარკვეულწილად რეაბილიტაციას გულისხმობს, თუმცა კერძო დეველოპმენტის ჩართულობით პროგრამის განხორციელებისას გვექნება შესაძლებლობა სრულიად განახლდეს ინფრასტრუქტურა და ახალი შენობა-ნაგებობები აშენდეს, რომელიც იქნება უსაფრთხო და ქალაქის იერსახის შესაბამისი. გვაქვს ამბიცია, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ბათუმში არცერთი ჩვენი თანამოქალაქე აღარ ცხოვრობდეს არაუსაფრთხო გარემოში და ყველა მათგანს ჰქონდეს უსაფრთხო საცხოვრისი“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner