უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი გაზეთ The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მარტის დასაწყისში რომან აბრამოვიჩსა და უკრაინელ სამშვიდობო მომლაპარაკებლებს სავარაუდო მოწამვლის სიმპტომები აღმოაჩნდათ.
„მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს“, - განაცხადა მიხეილ პოდოლიაკმა.
მისი თქმით, საინფორმაციო ველში ახლა ბევრი სპეკულაცია, შეთქმულების სხვადასხვა თეორია და ამა თუ იმ საინფორმაციო თამაშის ელემენტებია.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მოლაპარაკებების ჯგუფის წევრები დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ“, - განაცხადა მიხეილ პოდოლიაკმა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩსა და უკრაინული დელეგაციის ორ წევრს, რომლებიც ერთმანეთს კიევში, მარტის დასაწყისში სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვდნენ, შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ.