საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად, 29 მარტს ბრიუსელს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი შეხვედრებს ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან და ევროპარლამენტარებთან, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელ მარინა კალიურანდთან და სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის პრეზიდენტთან, ირაჩე გარსია პერესთან გამართავს.
დაგეგმილია შეხვედრა ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ელიანე ტილიესთან და სენატის სპიკერთან, სტეფანი დჰოსთან, ასევე, ევროკომისარ დიდიე რეინდერსთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო საკითხებში, საიმონ მორდიუსთან. შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, Think Tank-ების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
დელეგაციის შემადგენლობაში ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე შედიან. პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ვიზიტს 1 აპრილს დაასრულებს.