ავტორი პაატა ნაცვლიშვილი
ჰოდა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი დმიტრი მურტოვი იძულებული გახდა, გაეჩერებინა გაზეთი.
ჰოდა, ორშაბათს, 28 მარტს როსკომნადზორმა გამოაცხადა, რომ „ნოვაია გაზეტას“ რედაქციასა და მის დამფუძნებელს მეორე წერილობითი გაფრთხილება მისცა.
ჰოდა, როსკომნადზორი კავშირგაბმულობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახურია და წლის განმავლობაში მის მეორე წერილობით გაფრთხილებას გამოცემის ლიცენზიის შეჩერება შეიძლება მოჰყვეს.
ჰოდა, პირველი ასეთი გაფრთხილება გაზეთმა 22 მარტს მიიღო იმის გამო, რომ თითქოს რომელიღაც არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხოელ აგენტად არის გამოცხადებული, ერთ-ერთ საგაზეთო მასალაში არ ჰქონდა შესაბამისი მარკირება.
ჰოდა, ეს მეორე გაფრთხილებაც გაზეთმა გაზეთში უცხოელი აგენტის მარკირების გარეშე მოხსენიების გამო მიიღო, თუმცა როსკომნადზორს არ დაუზუსტებია, რომელ მასალაზეა კონკრეტულად საუბარი.
ჰოდა, მალე მეორე გაფრთხილების შემდეგ, 28 მარტის 15 საათსა და 49 წუთზე მოსკოვის დროით რედაქციამ თავის საიტზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ აჩერებს გაზეთის გამოშვებას როგორც ელექტრონულ ფორმატში, ასევე სოციალურ ქსელებსა და ბეჭდური სახით – „უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალური ოპერაციის“ დასრულებამდე.
ჰოდა, გაზეთის მთავარმა რედაქტორმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა დმიტრი მურატოვმა 23 საათსა და 11 წუთზე საგანგებო კომენტარი გააკეთა გაზეთის მკითხველებისა და კერძო სპონსორებისათვის.
ჰოდა, აი, ეს განცხადებაც: „ჩვენ თქვენთან ერთად 34 დღე გავძელით „სპეციალური ოპერაციის“ პირობებში, სამხედრო ცენზურის პირობებში. ჩვენ ასე ერთად გადავწყვიტეთ, როცა კითხვაზე „ვიხურებით თუ ვაგრძელებთ“, 96 პროცენტმა გაგრძელებას დაუჭირა მხარი. „ნოვაია გაზეტას“ არ შეეძლო დაეტოვებინა აუდიტორია. და ჩვენ ვმუშაობდით. ვმუშაობდით სამხედრო მოქმედებათა ადგილებში, მოსაზღვრე რაიონებში... ჩვენ ერთად გავიარეთ ჩვენი ისტორიის ტრაგიკული დღეები. არ შეიძლებოდა ამას უკვალოდ ჩაევლო. ჩვენ როსკომნადზორისგან მეორე გაფრთხილება მივიღეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ გაზეთის გამოშვება და არ განვაახლოთ საიტი და ჩვენი სოციალური ქსელები უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დასრულებამდე. სხვა გზა არ არის. ჩვენთვის და, მე ვიცი, თქვენთვისაც, ეს საშინელი, მძიმე გადაწყვეტილებაა. მაგრამ უნდა შევინახოთ თავის ერთმანეთისთვის. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც არასოდეს. თქვენ გარეშე ვერ გადავრჩებით. გმადლობთ და შეხვედრამდე!“
ჰოდა, ბოლოს მურატოვმა დაამატა, რომ გაზეთი მალე გაყიდის აუქციონზე მის მედალს, რომელიც ნობელის პრემიასთან ერთად გადაეცა. „ჩვენ მრავალი წინადადება გვაქვს და მალე დავეხმარებით ლტოლვილ და ავადმყოფ უკრაინელ ბავშვებს“.
ჰოდა, „ნოვაია გაზეტას“ ჯერჯერობით ბოლო, 28 მარტის ნომრის პირველ გვერდზე სახელურმიბმული და ჩამოტეხილი „მეფე-ზარის“ ფონზე ნომრის მთავარი მასალის ბრწყინვალე კალამბურული სათაურია გამოტანილი „პროკრუსტეს სიცრუე“. სრულიად შემთხვევით თუ რაღაც სასწაულით ქართულ თარგმანში „სიცრუე“ თანხმოვანი ასოებით როგორღაც ჩამოჰგავს „სარეცელს“, თუმცა ისე ახლოს მაინც არ არის ერთმანეთთან, როგორც ложь და ложе, მაგრამ კალამბური იმადაც არის კალამბური, რომ ფაქტობრივად არ ითარგმნება. ჰოდა, ამ უთარგმნელი კალამბურული სათაურით გაზეთი მე-2-3 გვერდებზე ბეჭდავს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, თუ „როგორ გავანეიტრალოთ აგრესიული სახელმწიფო პროპაგანდა“. ტექსტში ამგვარი პროპაგანდის დებულებებია ჩამოთვლილი. აი, ერთი მათგანი: „ჩვენი ოცნება სიდიადეზე ისტორიული აუცილებლობაა. თქვენი ოცნება სიდიადეზე – ფაშიზმი“.
ჰოდა, ამავე ნომერში დაბეჭდილია ლარისა მალიუკოვას ინტერვიუ „ოსკარის“ ნომინანტ რუს ანიმატორთან ანტონ დიაკოვთან. ამ ინტერვიუს სათაური არც მარტო ანიმაციას ეხება, არც მარტო კინოს და არც მარტო „ოსკარის“ პრემიას. თავად განსაჯეთ: „ფსკერზე ქვემოთ ვერ დაეცემი“.
ჰოდა, უყვარს და ეხერხება „ნოვაია გაზეტას“ ასეთი კალამბურული და ქვეტექსტიანი სათაურები. უყვარდა.
პაატა ნაცვლიშვილი
29.03.2022