„კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა და საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად გადაიქცა ქვეყანა, ფაქტია, რომ საჭიროებს რიგ დაზუსტებებს. ეს ინიციატივაც ამ დაზუსტებების მწკრივის ერთ-ერთი ნაწილია და არა იერიში პრეზიდენტისადმი“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო.
მისივე განმარტებით, არაერთ საკითხთან დაკავშირებით, პროცედურა მკაფიოდ არ იყო გაწერილი.
„მაგალითად, რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, როდესაც პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ვერ შეთანხმდნენ, ვინ უნდა ჩასულიყო ამა თუ იმ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. აქამდე იმის საშუალება, რომ ვინმეს კითხვა დაესვა და განმარტება ეთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის რამდენად კონსტიტუციური იყო ესა თუ ის გადაწყვეტილება, შეზღუდული იყო. ამ ცვლილებით ეს შესაძლებლობა ჩნდება. ამას კავშირი არ აქვს იმპიჩმენტთან. ეს ცალკე პროცედურაა და ამით არც რთულდება და არც მარტივდება იმპიჩმენტი. ეს რჩება ისევ, როგორც იყო“, - განაცხადა სერგეენკომ.
პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა 28 მარტს დაიწყო.