აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან უკრაინის საკითხი განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
„ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი მტკიცე განწყობა, გააგრძელონ რუსეთისთვის ხარჯების გაზრდა უკრაინაში მისი სასტიკი თავდასხმებისთვის, ასევე გააგრძელონ უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევა ამ გაუმართლებელი და არაპროვოცირებული თავდასხმისგან თავის დასაცავად. მათ განიხილეს ძალადობის შედეგად დაზარალებული მილიონობით ადამიანისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, როგორც უკრაინის შიგნით, ასევე სხვა ქვეყნებში, და ხაზი გაუსვეს მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომის აუცილებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.