საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე გამოძიების ფედერალური ბიუროს რეგიონულ სამართლებრივ ატაშეს ანტიკორუფციულ საკითხებში სტივენ იანგს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურატურის და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს კორუფციულ დანაშაულზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების სფეროში საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მხარეებმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს პროკურატურის როლს, უწყებებს შორის კოორდინაციას და საერთაშორისო თანამშრომლობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს. ასევე, სტუმრებმა საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს აშშ-ს კორუფციულ საქმეებზე გამოძიების ჩატარების გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებს შორის არსებულ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ანტიკორუფციული მიმართულებით შესაძლო ერთობლივი აქტივობების თაობაზე მოსაზრებები გაცვალეს.