საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მომხმარებლის უფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე კონკურენციის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. კანონი ძალაში 1-ლი ივნისიდან შევა, ხოლო საჩივრების განხილვა 1-ლი ნოემბრიდან დაიწყება.
კანონის მიზანია ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი და ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია. კანონში ასახულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, მომზადებულია ევროდირექტივების სრული დაცვით და ემსახურება მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას.
„კანონში მოცემულია ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო, უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები, მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები. წესრიგდება სამომხმარებლო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გარანტიები, დგინდება პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, საგარანტიო ვადები და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის შედეგები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიღებული ცვლილების თანახმად, მოვაჭრეს ეკისრება ვალდებულება მომხმარებელს მიაწოდოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია - პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. მიღებული კანონი დაიცავს მომხმარებელს უსამართლო კომერციული შეთავაზებისგან, აგრესიული მარკეტინგისგან, შეცდომაში შემყვანი რეკლამისგან. კანონი ვრცელდება როგორც ქუჩაში, ასევე ონლაინ და დისტანციურად დადებულ გარიგებებზე“, – აცხადებს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.
მისი თქმით, 1-ლი ივნისიდან, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში შეიქმნება შესაბამისი დეპარტამენტი. საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის პარალელურად, გადამზადდებიან თანამშრომლები. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და თითოეული მოვაჭრისა თუ მომხმარებლის დონეზე ინფორმაციის გაცვლა, აქტიური დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბება. დეტალურად იქნება გაწერილი საჩივრის მიღების და განხილვის წესი და სააგენტო უზრუნველყოფს, რომ ყველა მხარის უფლება იქნეს თანაბრად დაცული და გარანტირებული.
სააგენტო საჩივრის მიღებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვრავს მის დასაშვებადობას. 1 თვის ვადაში განიხილავს საჩივარს და, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მოვაჭრეს გააფრთხილებს, მისცემს ვადას მისი აღმოფხვრისთვის, ხოლო მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება სანქცია – წინა წლის ბრუნვის 2%–მდე ოდენობით.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის და კონკურენციის ეროვნული სააგენტო, აღნიშნული მიმართულებით, მაქსიმალურად უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვას“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი - ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის (GIZ) მხარდაჭერით მომზადდა. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.