ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში არსებულმა სიტუაციის ესკალაციამ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მთლიანად რეგიონზე და უსაფრთხოებაზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმ სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც არის წამოყენებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, სამხრეთ კავკასიის მშვიდობიან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ის არსებული კონკრეტული პროექტები, რომელიც მიმართული იქნება ნდობის აღდგენაზე და რეგიონში გრძელვადიან სამშვიდობო პოლიტიკაზე, იყოს განხორციელებული და თარგმნილი პრაქტიკულ განზომილებაში.
„ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ დავადასტურე მზაობა, თბილის გახდეს და იყოს პლატფორმა დიალოგისთვის, სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყანას შორის და ეს გზავნილი იქნება ასევე მიწოდებული და უკვე არი, ს ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლების და მეგობრების მიმართ. გუშინ მე ვუმასპინძლე ჩემს სომეხ კოლეგას, ბატონი მინისტრი საქართველოს შემდეგ გაემგზავრება ასევე ერევანსა და ბაქოში და ბუნებრივია ლოგიკური გაგრძელება იქნება, საუბარი იმ ინიციატივებზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, პოლონელ კოლეგასთან საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ სიტუაციას და ასევე იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს დეოკუპაციის მიმართულებით და ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულების აუცილებლობის მიმართულებით.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი მინისტრი დღეს ეწვევა საოკუპაციო ხაზს და პირადად გაეცნობა ადგილზე არსებულ ვითარებას. სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენი კონსოლიდირებული საერთაშორისო მიდგომა არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი , ამ მიმდინარე გამოწვევების ფონზე, სათანადოდ გავუმკლავდეთ ოკუპაციას. ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით და კონსტრუქციული მონაწილეობით კვლავინდებურად ჟენევის მოლაპარაკების პროცესში ყველაფერი გავაკეთოთ სიტუაციის დეესკალაციისთვის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის , რაც არის დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებზე და ისეთ მნიშვნელოვან პრინციპებზე, რაც არის საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ახალ წარმომადგენელს ჟენევის მოლაპარაკების პროცესში ელჩ ვიორელ მოშანუს საქმიანობის დაწყებას , როგორც სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენლის და განაცხადა, რომ მასთან თანამშრომლობა ეუთოს ფარგლებში იქნება შედეგზე ორიენტირებული.