logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: 31 მარტის რეფერენდუმმა მყარი საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, შეუქცევადი გახადა სვლა მიზნისაკენ, ეს მიზანია თავისუფალი, ერთიანი და ძლიერი საქართველო
- +

31 მარტი. 2022. 10:58

 

 

„31 მარტის რეფერენდუმმა მყარი საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, შეუქცევადი გახადა სვლა მიზნისაკენ, რომლისთვისაც ქართველთა არაერთი თაობა იბრძოდა და შრომობდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

 

მთავრობის მეთაური თითოეულ მოქალაქეს ულოცავს 1991 წლის 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის 31-ე წლისთავს.

 

„ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ 1991 წლის 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის 31-ე წლისთავს.

 

ამ დღეს სრულიად საქართველომ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა სახელმწიფოებრიობის აღდგენის გადაწყვეტილება. სწორედ ხალხის ამ ერთსულოვანი ნებით იხელმძღვანელა უზენაესმა საბჭომ იმავე წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებისას.

 

ამ გამარჯვებისთვის უამრავი ადამიანი იბრძოდა, თუმცა უდავოა, რომ იგი პირველ რიგში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნამდვილი სახალხო ლიდერის, ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა. დღეს მას 83 წელი შეუსრულდებოდა.

 

31 მარტის რეფერენდუმმა მყარი საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, შეუქცევადი გახადა სვლა მიზნისაკენ, რომლისთვისაც ქართველთა არაერთი თაობა იბრძოდა და შრომობდა. ეს მიზანია თავისუფალი, ერთიანი და ძლიერი საქართველო, რომელსაც უნიკალური ისტორიითა და კულტურით ღირსეული ადგილი უკავია მსოფლიო ერთა შორის.

 

მჯერა, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალების ერთგულება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობა არის გზა, რომელიც მალე მიგვიყვანს ამ მიზნამდე”, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner