თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი ქეით ბედინგფილდი აცხადებს, რომ ამერიკული მხარის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავს სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან მოტყუებულად გრძნობს, მრჩევლებს მისთვის უკრაინაში რუსული ჯარის მარცხისა და რუსული ეკონომიკისთვის სანქციების სიმძიმის შესახებ სრული სიმართლის თქმა ეშინიათ.
თავის მხრივ, პენტაგონი მზადაა, დაადასტუროს CNN-ისა და NBC-ის წყაროების ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომში რეალური მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია არ აქვს. ამის შესახებ ბრიფინგზე პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ვეთანხმებით იმ დასკვნას, რომ პუტინი არ იყო სრულად ინფორმირებული თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითოეული ნაბიჯის შესახებ“, - განაცხადა კირბიმ.