logo_geo
eng_logo
კობა ბუჩუკური: პასუხად ბატონებს გიორგი და ელდარ შენგელაიებს
- +

9 აგვისტო. 2016. 19:21


არჩევნების წინ პოლიტიკური ბატალიები მწვავდება! საზოგადოების დაპირისპირება აღმავალ სტადიაშია და კულმინაციას ძალიან მალე მიაღწევს. გაუგონარ ქმედებას ჩადიან საზოგადოებისათვის გამორჩეულნიც და უჩინონიც. ბევრ შემთხვევაში მარაზმს, რომელსაც „მიშიზმი" დავარქვით, განვერიდეთ და მაინც მის დატოვებულ ნაგავში ვტრიალებთ და ვერ მოვიშორეთ ეს მიხაკისფერი ჭირი. არც დათესილი კაცთმოძულეობა ამოიძირკვა! უფრო გავრცელდა და უფრო გამოიკვთა ქართველისათვის დამახასიათებელი ნაკლი - „უჩემოდ რად იმღერეთა". ისედაც გათითოკაცებული საქართველო კიდევ უფრო გაუგებარ ვითარებაში ეფლობა!



არ მიკვირს „ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან „ნაბუშრად" შობილი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ბრძოლა „ქართული ოცნების" წინაამღდეგ, რადგან ეროვნული თვითმყოფადობის ერთადერთი შემანარჩუნებელი ეს პოლიტიკური ძალა გამოდგა. ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით საქართველო „ქართულმა ოცნებამ" ამორფულ მომავალს განარიდა. მაქსიმალურად შეძლო დაჩეხილ-დანაწევრებული ქართული პოლიტიკური სპექტრის შეკოწიწება და ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ძნელად, მაგრამ შედეგიან დემოკრატიულ აზროვნებაზე გადაიყვანა. ნგრევისა და ერისათვის მიუღებელი გაუგონარი მოქმედებების მაქსიმალურად განდევნა დაიწყო ქართულ ეკლესიასთან ერთად.  თუ არა გარედან თავს მოხვეული კოაბიტაცია, ჩვენი ქვეყნის აღმავლობა გაცილებით პროდუქტიული იქნებოდა.



ამ ბოლო დროს „ქართული ოცნების" მიერ დაწყებული საარჩევნო მარათონი და გაწონასწორებული პოლიტიკოსის გიორგი კვირიკაშვილის წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა უმრავლესობა სწორედ იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეს და ქვეყანას დაანახეს, რომ მომავალ საპარლამენტო ვადაში საქართველოს წინსვლის გარანტები გახდებიან.



ვკითხულობ სოციალურ ქსელში გამოქვეყენებულ ათასგვარ მასალას და მიკვირს: ნუთუ ასეთი დაუნდობელნი ვართ ერთმანეთის მიმართ, ნუთუ სულ დაგვავიწყდა მეგობრობა, პატივისცემა, დაფასება ჩვენივე ნაკეთები საქმეებისა?  მიკვირს და ვერ გამიგია, რატომ ესხმიან თავს გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს, რა არ მოსწონთ ამ ახალგაზრდა კაცის? ის, რომ ახალგაზრდულ ასაკში სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა? ის, რომ მისი მამა ბიძინა სონღულაშვილი ჩვეულებრივ ოჯახში გაზრდილი კაცი, ქვეყნის ერთ-ერთ ლიდერად იქცა? თუ ასეთმა მამამ ამ ქვეყანას ორი წიგნიერი და წესიერებით გამორჩეული ვაჟკაცი აღუზარდა? რატომ უნდა გაუჩნდეს ვინმეს განცდა, რომ მათზე უკეთესია სხვა პარტიების რეკომენდებული კანდიდატები?



ვინმე უარყოფს რომ ასაკი ბაჯაღლო ოქროა? ვინმე ამბობს, რომ თმაშევერცხლილი კაცები „ჩარეცხილებია"? არა ბატონებო, ამ ახალგაზრდების და ხანდაზმულების დაპირისპირება და ერთმანეთთან გაჯიბრება არ შეიძლება.  ღრმად საპატივცემულო ელდარ და გიორგი შენგელაიებო, თქვენმა პროტეჟეებმაც იყარონ კენჭი და, თუ მოსახლეობა მათ მხარს დაუჭერს, დაე, გახდნენ დეპუტატები, და არა მაინცდამაინც „ქართული ოცნების" კანდიდატი. „ქართული ოცნების" კანდიდატობა ვითომ გარანტიაა გადებუტატების? თუ ეს ასეა, ყოჩაღ „ქართულ ოცნებას", ავტორიტეტიც დიდი ჰქონია! ყოჩაღ, ბიძინა და დავით სონღულაშვილებო, ძმები შენგელაიების ბრძოლაში გამოსაწვევები რომ გახდით!



არც ის ვარგა, სხვის ფეხის ხმას აყოლილი ყოფილი დეპუტატი სხვის ბოროტ ნააზრევს საქვეყნოდ მხარდაჭერას უცხადებდეს. ვინ ვინ და, თვითონ ხომ ძალიან კარგად იცნობს წინასაარჩევნო ბატალიების სწორ და არასწორ ხერხებსა და მეთოდებს.



არც ის ვარგა, მხოლოდ წარსულით ვკეკლუცობდეთ და „ქართულ ოცნებას" თვალში ნაცარს ვაყრიდეთ, გაუმჯობესებული „მთის კანონის" მუხლებს ვიწუნებდეთ და იმაზე ფიქრი არ მოგვდევდეს, თუ რამდენით წინ წავიდა 1999 წელს მიღებულ „მთის კანონთან" შედარებით დღეს მოქმედი კანონის, როგორც პოლიტიკური, სოციალური, იურიდიული დატვირთვა, ასევე, ამ კანონში ჩადებული შეღავათების ეფექტიანობა? არც ის არის სწორი და მორალურად გამართლებული, რომ ყაზბეგის, დუშეთის და თიანეთის მოსახლეობა ერთმანეთს დავუპირისპიროთ და ტრადიციული მთის კუთხეები ერთმანეთს გადავკიდოთ, დეპუტატობის  ჩამოთვლილი რაიონებიდან რომელიმე კანდიდატს პრიორიტეტი მივანიჭოთ და სხვა კი ფეხქვეშ მოვიგდოთ? დღეს ზაქარია ქუცნაშვილი მთის მოსახლეობისათვის უალტერნატივოა გამოცდილებით, იურისპრუდენციისა და საპარლამენტო საქმიანობის ცოდნით.



საქვეყნოდ ვაცხადებ, რომ ვრჩები აქტიურ მხარდამჭერად „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების - დავით სონღულაშვილის და ზაქარია ქუცნაშვილის.



კობა ბუჩუკური



P.S. განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,

მაგრა იტყვის: „ჩემი სჯობსო, უცილობობს ვითა ჯორი".

გახსოვდეთ რუსთაველი!



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner