გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამეგრელოში იმყოფება. მინისტრმა, სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებული ლურჯი მოცვის თანამედროვე ბაღი დაათვალიერა.
„ყველა პროექტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, მიმართულია ფერმერების ხელშეწყობისთვის, რათა აწარმოონ მაღალხარისხიანი პროდუქცია. ჩვენ მათ ვეხმარებით ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლში, დაწყებული პირველადი წარმოებიდან, დასრულებული მარკეტინგით და ბაზრებზე წვდომით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ვიმყოფებით მეურნეობაში, სადაც, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ფერმერმა განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიცია, დაახლოებით, მილიონ შვიდასი ათასი ლარის ოდენობით. ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს და ფერმერის თანამშრომლობის კარგ მაგალითს. ფერმერმა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე პროგრამაში - დანერგე მომავალი, შეღავათიანი აგროკრედიტი, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამა, ტექნიკური დახმარების პროგრამა და შეძლო ძალიან კარგი მეურნეობის შექმნა. აქ მუდმივად 15 ადამიანია დასაქმებული, სეზონზე კი, კომპანია 150 ადამიანს ასაქმებს. ეს მიდგომები შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ქვეყანაში ვაწარმოოთ მეტი პროდუქცია, დავასაქმოთ მეტი ადამიანი, გავაძლიეროთ ჩვენი სოფელი და ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესი გავხადოთ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით სამეგრელოში მრავალი თანამედროვე ბაღი გაშენდა, რაც რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას აძლიერებს. ეს მეურნეობები სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის არსებული წარმატებული ურთიერთობის მაგალითია.
კომპანიამ „ვესტ ბესტ ბლუბერი პლანტ" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 35 ტონა მოცულობის სამაცივრო მეურნეობა მოაწყო. კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია.
კომპანიამ ლურჯი მოცვის გაშენებისა და სამაცივრო მეურნეობის მოწყობისთვის, ჯამურად 1.7 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა 500 000 ლარს აღემატება.
კომპანიამ პროგრამით „დანერგე მომავალი“ 8 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისათვის თანადაფინანსება 115 000 ლარზე მეტი მიიღო. სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამით ლურჯი მოცვის ბაღში საერთაშორისო სტანდარტის Global Gap დანერგვის პროცესი დაიწყო. კომპანია ასევე ფლობს სასათბურე მეურნეობას, სადაც 750 კვ. მ-ზე ლურჯი მოცვია გაშენებული.
კომპანიამ „ვესტ ბესტ ბლუბერი პლანტ" სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამით, 23 000 ლარზე მეტი ღირებულების მულჩერი და ჰერბიციდის შემასხურებელი დანადგარი შეიძინა, საიდანაც 8 000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია.