„ჩვენ ყველა პლატფორმაზე ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ უკრაინას“, - ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებასა და საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას შეეხებოდა.
მისივე თქმით, საქართველო შესაძლებლობის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„ჩვენი პოლიტიკა უკრაინასთან დაკავშირებით ცნობილია. ჩვენ ყველა პლატფორმაზე ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ უკრაინას. ასევე, მაქსიმალურად ჩართულები ვართ ჰუმანიტარული დახმარების პროცესში და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველა დონეზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა.
ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას უკრაინის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა სამსახური უნდა მოძებნონ იმ ელჩებმა, რომლებიც ვერ მიაღწევენ, რომ ქვეყნები, სადაც წარმოდგენილნი არიან, ერთი მხრივ უკრაინას დაეხმარებიან, მეორე მხრივ კი რუსეთს სანქციებს დააკისრებენ.