„საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე, ყოვლად მიუღებელია საუბარი ნებისმიერ რეფერენდუმზე“, - ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს. აღნიშნული კომენტარი მან საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოკუპაციის პირობებში, როდესაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებენ, ვერანაირ რეფერენდუმს ვერ ექნება იურიდული შედეგი.
როგორც დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასების საგანი, არამედ ასევე სამართლებრივად დადგენილი ფაქტია. „სტრასბურგის სასამართლომ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასება მისცა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“, - ხაზგასმით აღნიშნა იეპე კოფოდმა.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, საქართველო, პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით, თანმიმდევრულად ახორციელებს სამშვიდობო პოლიტიკას და არ დაუშვებს პროვოკაციებში ჩართვასა და 2008 წლის ომის მძიმე შედეგების განმეორებას.