logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ბელგიის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს და სენატის სპიკერს შეხვდა
- +

31 მარტი. 2022. 14:11

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს, ელიანე ტილიეს და სენატის სპიკერს, სტეფანი დჰოს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა განაცხადზე, რომელიც საქართველომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად შეიტანა.

 

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსული აგრესია უკრაინაში და უკრაინის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობა იყო.

 

„საქართველო და ბელგიის სამეფო მიმდინარე წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვისაუბრეთ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე. საკმაოდ აქტიურად მუშაობენ მეგობრობის ჯგუფები ორივე მხრიდან. ვისაუბრეთ ურთიერთობის კიდევ უნდა გაღრმავების შესახებ.

 

ასევე, საუბარი გვქონდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადის და ამ კუთხით ბელგიის სამეფოს მხარდაჭერაზე.

 

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის ინსტიტუტებშიც და რასაც ვხედავთ არის ის, რომ ევროკავშირი ცდილობს, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფი იყოს ბიუროკრატია სხვადასხვა კომუნიკაციის მომზადების, კითხვარების და შეფასების კუთხით. აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ შეფასების ბიუროკრატიული ნაწილი საკმაოდ სწრაფად ჩაივლის.

 

პირველი საკითხი, რაზეც ამ დღეებში კოლეგებთან ვსაუბრობთ, არის უკრაინა და აგრესია, რომელიც რუსეთმა წამოიწყო და დღემდე ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ. ამ საკითხის შესახებ მნიშვნელოვანია ჩვენი კოლეგების შეფასებების გაცნობა და ჩვენი დამოკიდებულების გაზიარება, რაც გამოიხატება უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ აბსოლუტურ სოლიდარობაში. ყველა იმედოვნებს, რომ ეს ომი შეძლებისდაგვარად მალე დამთავრდება. ადამიანური ტრაგედიები, რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, აუცილებლად უნდა დასრულდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე შედიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner