logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგიამ მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე, ახალი ეკოტურისტული პროექტების ფარგლებში, შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
- +

31 მარტი. 2022. 17:42

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე, ახალი ეკოტურისტული პროექტების ფარგლებში, შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შეუჩერებლად მიმდინარეობდა მუშაობა ეკოტურისტულ პროექტებზე; მათ შორის, მარტვილის კანიონზე, სადაც მოეწყო ზიპ-ლაინი, რომელიც ექსპლუატაციაში უახლოეს პერიოდში შევა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხმავლო ხიდს.

 

საქართველოში, მარტვილის კანიონი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც კანიონზე ეკოტურიზმის განვითარება დაიწყო, ბუნების ძეგლს 800 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.

 

„ჩვენ ვმუშაობთ დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით, ყოველწლიურად ვზრდით მათ ფართობებს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. მარტვილის კანიონთან დაკავშირებით გვაქვს საინტერესო გეგმები, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ ეს ტერიტორია ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორის, ზაზა გაგუას განცხადებით, კანიონის განვითარების სამუშაოები კვლავ გრძელდება. ამჟამად, მიმდინარეობს 3D განათების სისტემების მოსაწყობი საპროექტო სამუშაოები, რომლის შემდეგაც, ვიზიტორები კანიონის დათვალიერებას საღამოს საათებშიც შეძლებენ.

 

მარტვილის კანიონი ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარების პროცესებში ჩართულობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. კანიონზე ვიზიტორთა ცენტრის აშენებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად, მიმდებარე ტერიტორიებზე შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდა რესტორნებისა და საოჯახო სასტუმროების რაოდენობა. მარტვილის კანიონის განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ განაპირობა ის, რომ იგი 2019 წელს ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდა.

 

მარტვილის კანიონზე ეკოტურიზმის განვითარება 2016 წლიდან დაიწყო; დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში, 2021 წლის ჩათვლით, 1 821 091 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner