logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგია აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
- +

31 მარტი. 2022. 18:51

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

 

აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში  გამართულ შეხვედრაზე, მინისტრს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ მიაწოდა. ოთარ შამუგიამ და მხარის რწმუნებულმა ცენტრში მობილიზებული სპეციალიზებული  ტექნიკა დაათვალიერეს.

„ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით წელს ვგეგმავთ ძალიან მასშტაბურ ღონისძიებებს. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ფერმერებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. ფერმერებთან თანამშრომლობით, ჩვენ შევძელით, რომ მნიშვნელოვანი გარდატეხა შეგვეტანა პროცესში და მავნებლის რაოდენობის შემცირებისთვის მიგვეღწია. სახელმწიფოს ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, წელსაც იაქტიურონ ფერმერებმა. მათი ჩართულობით, მაქსიმალურად შევამცირებთ ზიანს", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა, ფაროსანასთან ბრძოლა ორი ეტაპისგან შედგება. დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხორციელდება მონიტორინგი, რომლის შედეგების  ანალიზის მიხედვით დაიგეგმება ფართობების შეწამვლის დაწყების ვადა და კონტროლის ღონისძიებები.

 

ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მობილიზებულია 250-მდე ერთეული ტექნიკა და დანადგარები.  მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში   31 მილიონი ლარია განსაზღვრული.

 

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები 2017 წლიდან მიმდინარეობს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაძლიერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები. 2017 წლიდან განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, შემცირდა როგორც მავნებლის რაოდენობა, ასევე დასამუშავებელი ფართობების მასშტაბი; თუკი 2018 წელს, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებმა   790 000 ჰექტარი ფართობი მოიცვა,  2021 წელს,  დასამუშავებელი ფართობის  რაოდენობამ  186 000 ჰექტარი შეადგინა.  მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარემოზე პესტიციდების  წნეხის  შემცირების მიზნით,  აქცენტი კეთდება სპეციალური სადგურების ტექნოლოგიის გამოყენებაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner