logo_geo
eng_logo
მართლა ამოვიდა ყელში
- +

31 მარტი. 2022. 19:20

 

 

უკრაინის ხელისუფლებას ვგულისხმობ, ზელენსკის თამადობით... ამოვიდა ყელში ამ უნიჭოდ გამოძერწილი პროექტის ავყიობა, პიტნასავით რომ ტენიან მთელ მსოფლიოს ცხვირში, როგორც უსამართლობასთან თავგანწირულ მებრძოლს. დღე არ გავა, ამ „ეკრანის გმირის“ ე.წ. „გუნდმა“ აუგად რომ არ მოგვიხსენიოს. ერთი თვის წინ გამოქვეყნებულ წერილში ვწერდი, „განსაცდელმა სახე არ უნდა დაგაკარგვინოს“ მეთქი. რასაკვირველია, იმთავითვე „კარგად მომეხსენებოდა“, რომ განსაცდელი არაფერ შუაშია და დიდი გეგმის ერთი ნაწილის ამუშავების, ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობასთან გვქონდა საქმე, რადგან ჯერ კიდევ ომამდე „ვიწინასწარმეტყველე“, რომ რუსეთ-დასავლეთის ბოლო, მაგრამ, სამწუხაროდ, არა უკანასკნელ, დაპირისპირებაში უკრაინას და საქართველოს საზარბაზნე ხორცის როლი ჰქონდათ განსაზღვრული.  

 

 

საკუთარი თავისთვის პირობა მქონდა მიცემული, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ყველა გამოხტომა გამეტარებინა, სანამ „ბურთი“ ისევ ზელენსკიმდე არ მიგორდებოდა. ამ ამბავში ყველაზე ტრაგი-კომიკური ისაა, რომ მთელ საქართველოში ეჭვიც არავის ეპარებოდა, რომ ეს „ბურთი“ აუცილებლად  მივიდოდა საწყის წერტილამდე, უფრო სწორად, მიაყვანინებდნენ, მეორე წრეზე ჩასათამაშებლად... აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე წერილის სათაურის მთავარი ადრესატი (ადრესატები) ისაა, ვინც ეს პროექტი შეასაღა უკრაინელ ხალხს.

 

 

ადამიანურადაც და საქართველოს მოქალაქის პოზიციებიდანაც, ანუ როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზების გამო, ბუნებრივია, ყველანი, ერთხმად, უკრაინის გამარჯვებას ვგულშემატკივრობთ: ა) იმიტომ, რომ უკრაინა რუსეთთან მართალია და ბ) იმიტომ, რომ უკრაინის გამარჯვება გარდამტეხი ფაქტორი გახდება ჩვენი სამშობლოს პრობლემების მოგვარებაში. მაგრამ... მაგრამ, სამწუხარო ისაა, რომ ამ გადასახედიდან და გუშინდელი და გუშინწინდელი გადასახედიდანაც, ეს ფიქრები სურვილებისა და ოცნებების იქით ვერ მიდის.

 

 

საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან და დიპლომატიური სტანდარტების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, შეფასებების თავისი ჩარჩო და თავისი დედლაინები აქვს. რაღაც დრომდე საზოგადოებისთვისაც არსებობს შეზღუდვები თუ თვითშეზღუდვები, ამა თუ იმ პროცესზე ნეგატიური გავლენების პრევენციის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომაც გვქონდა პირში წყალი დაგუბებული, მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილების ბევრი მიზეზი დაგროვდა.

 

 

პირადად ჩემთვის, „თმენის ვალდებულების“ ვადები მაშინ ამოიწურა, როცა უკრაინული მხარის პოზიციებიდან პირველად გაცხადდა ნეიტრალიტეტზე მოლაპარაკების მზადყოფნა. ეს იყო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის თავზე. უკმაყოფილების მიზეზი არა თავისთავად ნეიტრალიტეტის თემის შემოტანა, არამედ თავისი ხალხის მიმართ ის ცინიკური უპასუხისმგებლობა იყო, რაც აღნიშნულ განცხადებას, წინა პერიოდის მოვლენათა განვითარების სახით, შლეიფივით მოსდევდა. კერძოდ, როცა ხელისუფალი გქვია, შენი მოვალეობაა, წინასწარ გათვალო, ამა თუ იმ ქმედებას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

 

 

როდესაც წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული „პოზიციიდან“ ერთ კვირაში „დააზადნებ პოლნი გაზით“, ქუდი უნდა დაიხურო და წახვიდე - ამას ჰქვია პასუხისმგებლობის ტვირთის ზიდვა; როცა „ვერგათვლას“ ხალხი ეწირება, სასამართლო განაჩენისთვისაც უნდა იყო მზად - ამასაც ჰქვია პასუხისმგებლობის ტვირთი ზიდვა და არა იმას, სამუდამოდ მზედაბნელებული 145 ბავშვის ფოტოების ფონზე სასოწარკვეთილი ხმით გაჰკიოდე, რომ NATO-მ ზურგი გვაქცია, რომ NATO-მ ცა არ დაგვიხურა, რომ NATO-ს სახელმწიფოებმა თვითმფრინავები არ მოგვცეს, რომ საქართველომ და მოლდოვამ პარალელური ფრონტები არ გახსნეს, რომ მეტი სანქციები იყო საჭირო და ა.შ.

 

 

მაგრამ ვინ კითხავს ზელენსკის, გუშინ რა უნდა ეკეთებინა, ან ხვალ რა უნდა აკეთოს?.. ჰო, ეს მერე იყოს, ზელენსკებზეც, პროექტზეც, მოგებულ-წაგებულზეც... ფართო და სიღრმისეული ანალიზის დრო რომ მოვა...     

 

 

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, თავს ვალდებულად ვთვლიდი, უმრავლესობის განწყობას დავმორჩილებოდი და „ცალმხრივი დუმილი“ სხვა ახალი ეტაპის დადგომამდე გამეხანგრძლივებინა. აქ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი ქვეყნის მისამართით წამოსროლილ ახალ შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ ვგულისხმობ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტში ახალი კვანძის გახსნას.

 

 

და აი, ეს დროც მოვიდა - ფიალა საბოლოოდ გადაავსო, ერთი მხრივ, მოლაპარაკებაზე გამოტანილმა შეთანხმების პირობებმა და მეორე მხრივ, ზელენსკის მორიგმა „გაგულავებამ“ დაუკრეფავში, „მეგობარი“ საქართველოს სახელმწიფოებრივ თავმოყვარეობაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას. კარგად აღნიშნა ირაკლი კობახიძემ - საქართველოში ოპოზიციაში მყოფი ძალა უკრაინაში ხელისუფლებაშიაო. მოდით, ისიც გამოვიტანოთ სააშკარაოზე, რაც ამ ნათქვამის მიღმა, დამატებით, იგულისხმებოდა - რომ საქმე, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოში მრავალ სისტემურ დანაშაულში მხილებულ, „მეხუთე კოლონად“ ჩამოყალიბებულ ე.წ. პოლიტგაერთიანებას ეხება და რომ ეს უკრაინულ-ქართული ტანდემი, წლებია, ჩვენს ქვეყანაში არეულობებს გეგმავს.

 

 

 

მართლა  ნა ხ**  რა... როცა ერთხელ შეგეშლება, შეიძლება მართლა განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანის წამოცდენაში ჩაგითვალო, მაგრამ ყოველ დილა-საღამოს რომ... დავაი რა,.. შე ძალათ (რედაქტორო, არ შემისწორო) პოლიტიკოსო...

 

 

რუსთველისა და ილიას შთამომავლებს ათასწლეულებგამოვლილი გენი გვკარნახობს, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ღირსება ყველა სხვა ქვეყნის ნებისმიერ ინტერესზე ძვირი უნდა გვიღირდეს!

 

 

სხვა კუთხითაც რომ შევხედოთ მოვლენებს, არც იმის შესახებ მსმენია ოდესმე რაიმე, რომ პოლიტიკაში ტყუილი შეიძლება კეთილი შედეგის მომტანი იყოსო, არც მთლიანობაში, არც ალაგ-ალაგ და არც შიგადაშიგ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დღეიდან ღიად შეგვიძლია განვაცხადოთ (რაც აქამდეც ვიცოდით), რომ ზელენსკი და მისი ხელისუფლება არ არიან საქართველოს მეგობრები, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინის ხელისუფლება, ჩვენთვის, სხვადასხვა სიბრტყის, სხვადასხვა განზომილების ცნებებია.

 

 

 

დიდება უკრაინას!

დიდება საქართველოს!

 

 

                                                                                               ბიძინა  დვალი

                                                                                             31.03.2022 წ.     

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner