„ჩვენ ეს ულამაზესი მხარე ფეხზე უნდა დავაყენოთ. აქ სულ სხვა ცხოვრება უნდა დაიწყოს, სისხლსავსე და საინტერესო, ისეთი, რომ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მამა-პაპისეულ მიწაზე შექმნან საკუთარი მომავალი," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ მხარეში ცხოვრებას სიმტკიცე და გამძლეობა სჭირდება.
"ამ მხარეში ცხოვრებას სიმტკიცე და გამძლეობა სჭირდება. თქვენმა სიძლიერემ, საკუთარი მიწა-წყლის სიყვარულმა და სამშობლოს ერთგულებამ შემოგვინახა რაჭაც, ლეჩხუმიც და სვანეთიც. განსაკუთრებული პატივისცემა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არასოდეს ტოვებენ თავის სახლ-კარს. სწორედ ეს ხალხი ინახავს მთას და ამ ხალხზე დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ეს ულამაზესი მხარე ფეხზე უნდა დავაყენოთ. აქ სულ სხვა ცხოვრება უნდა დაიწყოს, სისხლსავსე და საინტერესო, ისეთი, რომ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მამა-პაპისეულ მიწაზე შექმნან საკუთარი მომავალი", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველო იქნება თანამედროვე ქვეყანა, რომელშიც ყველა ადამიანს ექნება ცხოვრების შესაძლებლობა ნებისმიერ კუთხეში.
"ჩვენ საამაყო ბევრი გვაქვს, მთელი ჩვენი ისტორია და კულტურა ამის დასტურია, მაგრამ მარტო წარსული არ უნდა გვქონდეს საამაყო. მე ღრმად მწამს, რომ ქართველებს შეგვიძლია შევქმნათ თანამედროვე ქვეყანა, რომელშიც ყველა ადამიანს ექნება საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, საკუთარი შრომით ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა ნებისმიერ კუთხეში. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი საფიქრალი და საზრუნავი. ამიტომაც დავიწყეთ იმით, რომ პირველი რიგის დახმარება გავუწიეთ ჩვენს ხალხს. ჩვენ შევძელით და დავძლიეთ ის პრობლემა, რაც ბევრ ჩვენზე ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანას ჯერაც არა აქვს გადაჭრილი - ყველას მივეცით მკურნალობის საშუალება, ჩვენ გადავარჩინეთ უამრავი ადამიანი, სასოწარკვეთილ ადამიანებს დავუბრუნეთ სიცოცხლის იმედი. დიახ, ეს არის ის, რითაც ჩვენ ვამაყობთ და თამამად შეგვიძლია შევხედოთ ხალხს თვალებში. ჩვენ დავეხმარეთ გლეხებს და ფერმერებს, არ დაგვიტოვებია თითქმის არც ერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი, არ დარჩენილა სოფლად არავინ, ვინც რაღაც სახით მაინც არ მიიღო სარგებელი, იქნება ეს სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, სასუქი, სათესლე მასალა თუ მცენარეთა მოვლის საშუალებები. ვერავინ გაიხსენებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ისეთ ხელშეწყობასა და სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობის დაფასებას, როგორიც ჰქონდა რაჭა-ლეჩხუმს. რეგიონის მოსახლეობამ შემოსავლების სახით 22 მლნ ლარი მიიღო. ასეთმა დახმარებამ გლეხებს მისცა სტიმული, გაეშენებინათ ვენახი. დღეისათვის დარგულია ვაზის უძველესი და უნიკალური სახვანჭკარე ჯიშის ასეულობით ათასი ძირი. ჩვენ წელსაც დავეხმარებით მევენახეებს ყურძნის რეალიზაციაში და არ დავტოვებთ არავის უყურადღებოდ", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის ულამაზესი ბუნება, ისტორიისა და კულტურის უნიკალური ძეგლები, რომლებიც ასე მრავლადაა ამ მხარეში, ტურიზმის განვითარების უდიდეს შესაძლებლობას იძლევა.
"ამას ემატება სამთო-სათხილამურო კურორტები და დასასვენებელი ადგილები, რომელთა მთლიანად ათვისება თვისობრივად შეცვლის ადგილობრივი მოსახლების ცხოვრების დონეს. მაგალითისთვის მოვიყვან შაორის ტბას, რომელიც თავისი არაჩვეულებრივი მდებარეობითა და შესანიშნავი ხედებით უამრავ ტურისტს იზიდავს. ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს ამ ტურისტული ზონის განვითარებას. დღეს სახელმწიფოს ხელშეწყობით, პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში" ფარგლებში, შენდება ახალი, ძალიან ლამაზი, თანამედროვე ტიპის სასტუმრო. ეს იქნება პირველი ასეთი ტურისტული ინფრასტრუქტურა; და, დარწმუნებული ვარ, მას კიდევ ბევრი სხვა შეემატება, რაც მთლიანად შეცვლის და განავითარებს აქაურობას. ჩვენი ხელშეწყობით გაფართოვდება მცირე ოჯახური სასტუმროების ბიზნესი, ჩამოვა მეტი სტუმარი, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და გაჩნდება შემოსავლის დამატებითი წყარო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაჭა გამოცოცხლდეს და შეჩერდეს სოფლების დაცლის პროცესი. ამას ემსახურება მთის კანონიც, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს და სტიმულს მისცემს მთის მკვიდრ მოსახლეობას. მინდა გითხრათ, რომ უკვე პირველი სექტემბრიდან დანამატებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები; საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ მეწარმეები; სპეციალური სოციალური პაკეტით უკვე სარგებლობენ ახალგაზრდა ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.