30-კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის პოზიციაზე თიკა რუხაძის კანდიდატურა წარადგინა. საინიციატივო ჯგუფში არიან ნანი ბრეგვაძე, ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი, დავით დოიაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე, ვალერი ასათიანი, მაია ჯაბუა, მურაზ მურვანიძე, ბასა ფოცხიშვილი, ნიკოლოზ შენგელაია და საქართველოს კულტურის სხვა გამოჩენილი მოღვაწეები.
„რეპორტიორი" აღნიშნულ ფაქტზე თიკა რუხაძეს დაუკავშირდა. როგორც თიკა რუხაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, იგი მადლიერია საინიციატივო ჯგუფის, რადგან მათ ჩათვალეს, რომ მას შეუძლია ასეთ დიდ და საპასუხისმგებლო კოლექტივში იმუშაოს.
„ჩემი კანდიდატურა წარადგინა საკმაოდ დიდმა ჯგუფმა, რომლებიც ამასთანავე ჩემი მეგობრებიც არიან. საამაყოა, რომ ყველა მათგანთან მაკავშირებს დიდი ხნის სამუშაო გამოცდილება.
ჩემი სამუშაო სტაჟი კულტურის მენეჯმენტში უკვე 27 წელს ითვლის. ამ ხალხთან ერთად მიმუშავია სხვადასხვა პროექტებზე და ყველა მათგანის მადლიერი ვარ, რადგანაც ჩათვალეს, რომ მე შესაძლოა ასეთ დიდ და საპასუხისმგებლო კოლექტივში ხელმძღაველად შესაძლოა ვიმუშავო.
მადლიერი ვარ ამ საინიციატივო ჯგუფის, რომ ასე შეაფასეს ჩემი მუშაობა. როდესაც ესეთი ადამიანები გიჭერენ მხარს, ეს ძალიან საამაყოა.
დაახლოებით ერთი თვის წინ დამიკავშირდნენ, გვქონდა შეხვედრაც. ვიცი, რომ ამ ხალხს სასახლის კოლექტივთანაც აქვს ძალიან ახლო ურთიერთობა. ძალიან ბევრ ყოფილ „სასახლელს" შევხვდი ამ პერიოდში და ვინც იცის, რომ ჩემი კანდიდატურაა წარადგინილი, ყველა აზრებს მიზიარებს და სამომავლო პერსპექტივებზე მესაუბრება. მე სხვას ვერაფერს გეტყვით... ახლა თბილისის მთავრობის გადასაწყვეტია, თუ ვინ იქნება სასახლის ხელმძღვანელი ", - აღნიშნა თიკა რუხაძემ.