„პირველ რიგში, რაც შეეხება მხარდაჭერას და გამოხატვის ფორმებს. საერთაშორისო პოლიტიკაში არსებობს კონკრეტული გამოხატვის ფორმები, როდესაც საქმე ეხება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ჩვენ ყველა შესაბამისი ფორმით გამოვხატეთ მხარდაჭერა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო გაეროში რეზოლუციის თანასპონსორობა, ეუთოს შესაბამისი დოკუმენტების მხარდაჭერა, ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვა და ჰააგის სასამართლო, სადაც საქმე ეხება სისხლის სამართლის დევნას.
„იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მხრიდან გადაიდგა და აქ საქმე მარტო იმას კი არ ეხება, რომ ჩვენ რაღაც ნაბიჯები გადავდგით მხარდაჭერის კუთხით. სადაც საქმე ეხებოდა პოლიტიკურ თანადგომას და მხარდაჭერას, იქ ჩვენი მხარდაჭერა იყო 100%-იანი. არც ერთი გადაწყვეტილება არ გაგვიშვია. საერთაშორისო პოლიტიკაში ფორმა არის ეს, რომ თანასპონსორი ხარ, მხარს უჭერ, კენჭისყრაში მონაწილეობ და დადებითად წყვეტ შესაბამის საკითხს, მხარს უჭერ საჩივარს და ა.შ. ეს არის გამოხატვის ფორმები“, - აღნიშნა კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა სანქციებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ როდესაც მათ სანქციებთან არ მიერთების გამო ადანაშაულებენ, ამას სჭირდება პასუხი, რომ სანქციები არ მუშაობს ომის შეჩერების კუთხით. „ამას ამბობს არა ერთი ევროპელი ლიდერი, რომელსაც დაწესებული აქვს სანქციები. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ომი ვერ შეაჩერა სანქციებმა. თავად ბაიდენმა, რომელიც არის მთავარი ინიციატორი სანქციების საერთაშორისო დონეზე, თქვა, რომ 3-4 წლის პერსპექტივაში იმოქმედებს სანქციები, დაასუსტებს რუსეთს, მაგრამ არავინ ამბობს იმას, რომ სანქციებს შეუძლია რაიმე გავლენა მოახდინოს ომის შეკავებაზე და ზუსტად ამას ვგულისხმობდით ჩვენ. როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ საკმარისი წვლილი არ შეგვაქვს უკრაინაში ომის დასრულებაში და სანქციებს აბამენ ამას და სხვა მსგავს გადაწყვეტილებებს, ამის საფუძველზე ითქვა სწორედ ის, რომ სანქციები არ მუშაობს. არ მუშაობს სწორედ იმ კუთხით, რომ ის ვერ შეაჩერებს რუსეთს საკუთარ აგრესიულ ზრახვებში. ეს ვერ მოახერხა ვერც ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ დაწესებულმა სანქციებმა და მით უმეტეს, საქართველოს მიერ დაწესებულ სანქციებს არავითარი როლის შესრულება არ შეუძლია ამ კუთხით. როდესაც ჩვენ გვადანაშაულებენ იმაში, რომ სანქცია არ დავაწესეთ და ამით ხელი შევუწყვეთ რუსეთის აგრესიის გაგრძელებას უკრაინაში, ეს არის აბსურდი და სწორედ ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი იმის თქმა, რომ ომის შეკავების კუთხით სანქციები ნამდვილად არ მუშაობს და ამას აღიარებს აბსოლუტურად ყველა. რომც არ ვაღიაროთ ეს არის მოცემულობა, ეს არის ფაქტი. სანქციები ვერ იქნება პროდუქტიული სხვა ქვეყანაში ომის დაწყების თვალსაზრისით, რასაც მაგალითად ასე ძლიერ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“. ვერავითარი სანქცია მათ შორის, უკვე დაწესებული სანქციები, ვერ შეაკავებს ომს თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა იმ პროვოკაციების მოწყობა, რომელსაც ისინი მუდმივად გვთავაზობენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვართ კონცენტრირებული თავიდან ბოლომდე პროვოკაციების არიდებაზე და არა ისეთი ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც რუსეთს ვერაფერს ავნებს, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას და ქვეყანას სერიოზულად დააზიანებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.