„ბიბილოვს ე.წ. რეფერენდუმების მოწყობა ხასიათში გადაუვიდა, თუმცა 2017 წელს არ გამოუვიდა, რადგან მოსკოვიდან „მოქაჩეს“,“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, მამუკა არეშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ახლა, როგორც ჩანს პატარა სტიმული მოსკოვიდანაც ჰქონდა და აქედან გამომდინარე დააყენა საკითხი. ობიექტურობისთვის აუცილებელია ითქვას, რომ არის ერთადერთი სწორი გზავნილი საკუთარი ამომრჩევლისთვის, რადგან ბიბილოვმა რაც თქვა ვერაფერი გააკეთა და ეს ერთადერთია, რამაც კიდევ შეიძლება მას წარმატება მოუტანოს ობიექტური არჩევნების შემთხვევაში.
ბიბილოვი შეეცდება შექმნას ე.წ. სარეფენდუმო განწყობა, პირველ რიგში სოციალურ ქსელებში, ყველანი დაელოდებიან მოსკოვის რეაქციას. მოსკოვს უნდა „დამოკლეს მახვილი“ შექმნას საქართველოს თავზე, რომ საქართველოს არავითარი ინიციატივის უფლება არ ჰქონდეს უკრაინასთან მიმართებაში იქნება თუ ახალი მსოფლიოს ჩამოყალიბების პროცესში“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ოკუპირებულ ცხინვალში განაცხადეს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება.