logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, „ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო პოლიტიკის წარმოებას ვერ გვასწავლის
- +

1 აპრილი. 2022. 00:54

 

 

„ოპოზიციის ბრალდებაზე, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება და ამის გამო უკრაინაში ბავშვები იღუპებიან, ჩვენი პასუხი იყო – სანქციები არ მუშაობს ომის შეჩერების კუთხით,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა ამბობს, მათ შორის, არა ერთი ევროპელი ლიდერი, რომელსაც სანქციები დაწესებული აქვს და ა.შ. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ომი ვერ შეაჩერა სანქციებმა.

 

„ამ კუთხით სანქციები ვერ მუშაობს. თავად ბაიდენმა, რომელიც საერთაშორისო დონეზე ამ სანქციების მთავარი ინიციატორია, თქვა, რომ სამი-ოთხი წლის პერსპექტივაში იმოქმედებს სანქციები, დაასუსტებს რუსეთს და ა.შ, მაგრამ არავინ ამბობს იმას, რომ სანქციებს შეუძლია, რამე გავლენა მოახდინოს ომის შეკავებაზე. ჩვენც ზუსტად ამას ვგულისხმობდით. როდესაც გვეუბნებიან, რომ საკმარისი წვლილი არ შეგვაქვს უკრაინაში ომის დასრულებაში, ამას აბამენ სანქციებს და სხვა მსგავს გადაწყვეტილებებს. აი, ამის საფუძველზე ითქვა სწორედ ის, რომ სანქციები არ მუშაობს, სწორედ იმ კუთხით, რომ ის რუსეთს ვერ შეაჩერებს საკუთარ აგრესიულ ზრახვებში. ეს ვერ მოახერხა ვერც ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ დაწესებულმა სანქციებმა და მით უმეტეს, საქართველოს მიერ დაწესებული სანქციებს არავითარი როლის შესრულება არ შეუძლია ამ კუთხით. როდესაც ჩვენ გვადანაშაულებენ იმაში, რომ სანქცია არ დავაწესეთ და ამით ხელი შევუწყვეთ რუსეთის აგრესიის გაგრძელებას უკრაინაში, ეს არის აბსურდი და სწორედ ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი იმის თქმა, რომ ომის შეკავების კუთხით სანქციები ნამდვილად არ მუშაობს, რასაც აბსოლუტურად ყველა აღიარებს. რომც არ ვაღიაროთ, ეს არის ფაქტი და მოცემულობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისი თქმით, სანქციებმა შეიძლება, სხვა შედეგი გამოიღოს, მაგრამ ომის შეკავებას რაც შეეხება, სამწუხაროდ, ამ კუთხით სანქციები პროდუქტიული არ არის.

 

„ვერავითარი სანქცია, მათ შორის, უკვე დაწესებული სანქციები ვერ შეაკავებს ომს, თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა იმ პროვოკაციების მოწყობა, რომელსაც მუდმივად გვთავაზობენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ თავიდან ბოლომდე კონცენტრირებული ვართ პროვოკაციების არიდებაზე და არა ისეთი ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც რუსეთს ვერაფერს ავნებს, მაგრამ ჩვენ მოსახლეობას და ქვეყანას სერიოზულად დააზიანებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2004-2012 წლამდე საქართველოში რუსეთის წინსვლა ძალიან სერიოზული იყო, რაც 2012 წლის შემდეგ შეჩერდა და შეჩერების მთავარი მიზეზი სწორედ ის პრაგმატული პოლიტიკა იყო, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებით დღემდე აწარმოებს.

 

„ეს პრაგმატული პოლიტიკა გაგრძელდება, იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა და ხალხი. „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გვასწავლის საგარეო პოლიტიკის წარმოებას. ჩვენ გამოცდილებით დავადასტურეთ ის, რომ შეგვიძლია ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის წარმოება, მათ კი დაადასტურეს, რომ მათი პოლიტიკა და ამ პოლიტიკის შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის სრული კატასტროფა იყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner