პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა დ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის NECP-ის შესახებ მსჯელობა გაიმართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული და საქართველოს პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობდნენ საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციის, საზოგადოებრივი სექტორის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები და ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებული კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები.
ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ეროვნული ინტეგრირებული გეგმა შემუშავებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. დოკუმენტის მიზანია სათბური ემისიების შემცირება, განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიის მოცულობის გაზრდა, დეკარბონიზაცია, ენერგოეფექტურობის გაზრდა, შიდა ენერგობაზრის კვლევები, ენერგეტიკული სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირება.
შეხვედრაზე დოკუმენტთან დაკავშირებით ექსპერტებმა საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინეს, რომელთა გაანალიზების შემდეგ პროცესი შესრულების ეტაპზე გადავა.
„დასრულდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე. ექსპერტების მიერ წარმოდგენილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრებები, ახლა დროა შემდეგ ეტაპზე, შესრულების ეტაპზე გადავიდეთ. მოგეხსენებათ, ეს დოკუმენტი იქნება ენერგეტიკის ეროვნული სტრატეგიის ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.
კაჭრეთში სასტუმრო "ამბასადორში" ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერითა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით გაიმართა.