საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონსა და დაბა აბასთუმანში ქონებების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტები გამოავლინა და დაზარალებულების უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი, ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.
პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე, 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება. სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში მდებარე როლანდი გელაშვილის მიწის ნაკვეთი ფართობით 2824 კვ.მ.
რაც შეეხება დაბა აბასთუმანში არსებულ მიწის ნაკვეთს, დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სრულყოფილი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2010 წლის ბოლოს ცალკეული საჯარო მოხელეები პერიოდულად ხვდებოდნენ გენადი ენდელაძეს და მისგან ითხოვდნენ, დაბა აბასთუმანში, ასათიანის ქუჩა №1-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას. აღსანიშნავია, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთი გენადი ენდელაძეს შეძენილი ჰქონდა კანონიერი გზით და არ არსებობდა მისი ჩამორთმევის რაიმე კანონიერი საფუძველი.
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მას არ ჰქონდა სურვილი ნებაყოფლობით დაეთმო ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი, მის მიმართ განხორციელებული პერმანენტული ზეწოლის შედეგად და მომავალში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაძლო ხელოვნური პრობლემების შექმნის თავიდან ასაცილებლად, იგი იძულებული გახდა დათანხმებოდა უკანონო მოთხოვნის შესრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2011 წლის 5 აპრილს გენადი ენდელაძემ სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმო, დაბა აბასთუმანში, ასათიანის ქუჩა №1-ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 1324 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით.