logo_geo
eng_logo
თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიისა და არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეფარდა
- +

1 აპრილი. 2022. 22:23

 

 

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის გამო დაკავებულ კაცს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

საქმე ეხება 31 მარტს მომხდარ ავარიას, რა დროსაც არასრულწლოვანი დაშავდა.

„ბრალდებულ დ.ჯ.-ს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის 31 მარტს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე ბრალდებული, რომელიც მართავდა BMW-ს მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის ზღვარს და განახორციელა მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადასვლის მანევრი, რა დროსაც დაეჯახა მოძრავ ავტომობილს. შეჯახების შედეგად, მართვადაკარგული BMW გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, ავარდა ტროტუარზე სადაც დაეჯახა ქვეითად მდგომ არასრულწლოვანს.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. ამასთან ერთად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის/მართლმსაჯულების განხორციელებისათვის თავის არიდების საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე“, - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner