logo_geo
eng_logo
ბიძინა დვალი: ვაჟა ექიმო, ერთი ხელი მოისვით
- +

3 აპრილი. 2022. 16:52

 

 

სათაურში გამოტანილ ფრაზას ის ოთხსიტყვიანი გაგრძელებაც მოუხდებოდა, ყველამ ერთად რომ გაიფიქრეთ, მაგრამ, მინდა იცოდეთ, რომ მე კარგად აღზრდილი კაცი ვარ და სწორად არ მიმაჩნია, პირველივე შეხვედრაზე ყელში ვეძგერო ადამიანს და დაფიქრების და საქმის გამოსწორების და ზოგადად, გამოსწორების შანსი არ დავუტოვო. ამიტომ, აზრზე მოყვანისა და „საკუთარ გულში ჩახედვის“ პირველი მცდელობისთვის, სრულიად საკმარისად მივიჩნიე, დასაწყისისთვის ბევრად შერბილებული ორსიტყვიანი გაგრძელებით შემოვფარგლულიყავი - „მოსვრილი გაქვთ“. მოდით, ერთად ვნახოთ, რა გამოგვივიდა - „ვაჟა ექიმო, ერთი ხელი მოისვით, მოსვრილი გაქვთ“. ძალიან კარგიიი... ნამდვილად ასე აჯობებს, ჰუმანურია და... პედაგოგიურიც.

 

ბავშვს სახელი თვრამეტ წლამდე არ უნდა დაარქვაო, ზედგამოჭრილია ამ შემთხვევისთვის. წარმოიდგინეთ, ადრესატისთვის პირდაპირ „ვაჟა“-თი რომ მიმემართა, მერე რა ახსნა-განმარტებები უნდა მეკეთებინა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ვგულისხმობ, აი იმას, თავიდან გმირი ექიმი რომ გვეგონა და მერე რომ... მოკლედ,.. როგორც არის... ე-ეჰ...

 

მოკლედ,.. სხვა რამე მინდა ვთქვა... ჩვენი, ანუ ქართული საზოგადოების, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, როგორც ვატყობ, ისევ და ისევ სიზარმაცეა. ფაქტებს და მოვლენებს დროულად რომ ვარქმევდეთ სახელს, ბევრ მოსალოდნელ თუ მოულოდნელ გართულებას ჩანასახშივე დაესმებოდა წერტილი, მაგრამ...

 

- ვაჟიკო, შე მართლა უთავმოყვარეო და შეუგნებელო ტრამპა-ცუმპა, შე ფარჩაკო „...ისტ“-ო, მტრის ბანაკში ჰიპოკრატეს ფიცის აღსასრულებლად მივდივარო და მთელი ქვეყანა რომ დააყენე ფეხზე „გმირი ექიმის“ დასაცავად და მერე მთელი მსოფლიო რომ დაგავაყენებინე ფეხზე „უკანონო პატიმრობაში მყოფი გმირი ექიმის“ გამოსახსნელად და მერე რომ უცებ თხლაშ... და „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ რომ აღიარე „გულწრფელად“ და ცრემლით დანამულ ქაღალდზე შეწყალების თხოვნით რომ ეაჯე (მაგარი სიტყვაა) კრემლის ოს მარიონეტს... დააყენე რა ეგ მოსვრილი უკანალი.

 

უკანალზე გამახსენდა... „გირჩის“ ცნობილ „ლაშქრობას“ კი დავცინეთ გვარიანად, მაგრამ დროთა განმავლობაში მეტისმეტად კეთილ და უწყინარ ხალისში გადაიზარდა ეს ყველაფერი, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, არ არის სწორი. არ არის სწორი, რადგან საქმე პოლიტიკას ეხება და უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ შემთხვევაში, ყველა მსგავსი უმსგავსობა ქვეყანას დიდ ზიანს აყენებს. ჩემს ამ საუბარს ოპონენტი აუცილებლად გამოუჩნდება და იტყვის, ასეთი გამასხარავების მერე „პარტია“ რომ ისევ პოლიტიკურ პრეტენზიებს აცხადებს, იმას რა უნდა გააგებინო და რა უნდა ეშველოსო. ჩემი პასუხი იქნება - ამ ე.წ. ახალი ლიბერალიზმის ხანაში, მხოლოდ მორალური კრიტერიუმების საფუძველზე გაშიშვლება (ვა-ახ,.. გაშიშვლებას ვერც აქ ავცდით), კონკრეტული პოლიტიკური განაჩენების გამოტანის გარეშე, აღმოჩნდა, რომ არ არის შედეგის მომტანი...  

 

ისე, კაცმა რომ თქვას, საერთაშორისო კონვენციებში „გამორჩენილ“, მაგრამ თავისი არსით „აკრძალული ბიოლოგიური იარაღის“ გამოყენებით „გირჩის აგრესიულ შეჭრასთან“ (ფეხები წითელ ხაზს აქეთ კი ედგათ, ყოველი შემთხვევისთვის, მაგრამ ვერ დავუკარგავთ და მძიმე შეიარაღება იქით, აცახაცახებული მოწინააღმდეგისკეს მაქსიმალურად ჰქონდათ გაზნექილ-მიშვერილი, ანუ შეჭრილი) დაკავშირებით მოხეთქილმა იუმორმა მართლაც მწვერვალები დაიპყრო.

 

მაგალითად, მსოფლიოს მასშტაბით, როგორც პორნო ინდუსტრიაში, ისე ყოფით პრაქტიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ „კიბორჩხალის პოზას“, მთელ შიდა ქართლში, სამაჩაბლოს ჩათვლით, აგრეთვე, რუსეთის სამხედრო შენაერთებში, „ოტ ბაიკალა, დო ბრიტანსკიხ მარეი“, დღეს „გირჩის პოზა“ ჰქვია. ძალიან მალე გაბაზრდა ის ამბავიც, ამ შემთხვევაში ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, რომ „თავისუფალ დასავლეთს“ მოწყვეტილი ოსი თინეიჯერებისა და რუსეთელი წვევამდელების სექსუალური ფანტაზიების წყარო, ჩამავალი მზისა და მავთულხლართების ფონზე იმ „თავზარდამცემ“ დღეს დანახული „მშვენიერებები“ გამხდარა... ფუ, თქვენი... ამის მერე კიდევ ქვეყნის მართვაზე და საზოგადოებისთვის ორიენტირების განსაზღვრაზე რომ გექნება პრეტენზია.

 

უკანალზე და მავთულხლართებზე „საზღვრის ფხიზელი დარაჯი“, „მოხალისე“ ქაცარავაც გამახსენდა, ადრე ეფ-ეს-ბეს „სასარგებლო იდიოტი“ რომ მეგონა და რაც დრო გადის, აღნიშნული საშიში სტრუქტურის „სულიერი შვილი“ რომ უფრო მგონია,.. მაგრამ მაგის ნერვები აღარა მაქვს.

 

... ახლა უკვე სერიოზულად: ვიდრე „ექიმი“ ვაჟა გაფრინდაშვილი პოლიტიკური შეფასებების კეთებაზე განაცხადებდა პრეტენზიას, არც აღიარების და არც შეწყალების თხოვნასთან დაკავშირებით მისთვის საყვედურიც კი არავის უკადრებია. ჩვეულებრივად, დადებითი, ანუ კეთილი ადამიანები სხვათა ქმედებების შეფასებასაც კეთილი საწყისებიდან უდგებიან ხოლმე. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ყველამ ერთად ჩავთვალეთ, რომ მავთულხლართის მიღმა მძიმე ავადმყოფის მიმართ არაადამიანური მოპყრობით შეწუხებულმა და თუნდაც აღშფოთებულმა პასუხისმგებლიანმა ექიმმა, ლამაზი (როგორც ჰუმანური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით) საპროტესტო აქტით გამოხატა თავისი დამოკიდებულება. მერე რა მოხდა, რომ იქ მოქმედი რეჟიმის რეაქცია ვერ გათვალა და საკმაოდ მძიმე კომპრომისებზე წასვლა მოუწია?..

 

მაგრამ... აქ არის ერთი დიდი პრობლემა... ბატონ ვაჟას დაავიწყდა, ან არ იცის, რომ მის მდგომარეობაში ჩავარდნილებისთვის უწყვეტ მოქმედებაშია ერთი დაუწერელი კანონი - როცა საქმე ბოლომდე ვერ მიგყავს, შიშის თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო (პატიმრობა, წამება, შეურაცხყოფა და ა.შ.), ანუ პოლიტიკური პატიმრის სტატუსს როცა კარგავ შენივე მიზეზით, ანუ ნებაყოფლობით (თუნდაც იძულებიდან გამომდინარე), იმ მომენტიდან პოლიტიკაში ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობის მორალური უფლებაც გერთმევა. „ნიჩურტა“ და „თითები მქონდა გადაჯვარედინებული“ არ მოსულა.

 

არ ვფიქრობ, რომ ჩემი შეგონებებით ამ შეუფერებელსახელიან „ექიმზე“ რაიმე მორალურ ზემოქმედებას მოვახდენ, ასეთი გულუბრყვილო არა ვარ, რადგან ისიც ისეთივე სექტანტი მგონია, როგორიც ნაცტელევიზიებში მისი გვერდის დამამშვენებლები არიან. მარად ქვეყნის არევის მსურველ ნაცბანდას, ბელადის მეთაურობით, დაწერილი და დაუწერელი კანონების ფეხქვეშ გათელვისა და აბუჩად აგდების მეტი რა უკეთებიათ და ეს რატომ უნდა იყოს გამონაკლისი? მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პატრიოტებად შენიღბული მავნებლების მსმენელთა გარკვეულ, თუნდაც მცირე ნაწილს მაინც ჩააფიქრებს მოქალაქეობრივი და კაცური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი მორალური კრიტერიუმების დაცვის აუცილებლობაზე.

 

ბიძინა  დვალი

03.04.2022 წ.

 

P.S. გამგები გაიგებდა, მაგრამ მაინც განვმარტავ: სიტყვა „ექიმი“, ამ წერილის ადრესატის კონტექსტში, ბრჭყალებში იმ მიზეზით ჩავსვი, რომ ეს კეთილშობილური პროფესია და „ნაცობა“, რაც „წამების“ და ზოგადად - „ბოროტების“ სინონიმია, არ შეიძლება ერთმანეთთან მოდიოდეს შესაბამისობაში. ისეთი რა უნდა გამიჭირდეს, რომ ამისთანასთან სამკურნალოდ მივიდე?!         

 

P.P.S. ბევრი ვიფიქრე, სათაური ხომ არ შემეცვალა მეთქი რაიმე უფრო აკადემიურით, მაგრამ გამოცდილება მკარნახობს, რომ ჯერაც „გმირობაზე“ პრეტენზიის მქონე („ასანკაზე“ ეტყობა), მწამებლების (ჩამოხრჩობითა და მოწამვლით დღესაც, უმცირესობაში მყოფებიც, ღიად რომ გვემუქრებიან)მხარდამჭერი შეუვალი შუბლისთვის შერცხვენის ფორმით გამოხატული მკვახე შეძახილი ერთადერთი თეორიული საშუალებაა, ოდნავ მაინც შეხედოს საკუთარ თავს გარეშე თვალით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner