საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმში, ავარიული სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლები დაათვალიერა, რომელთა ჩანაცვლებასაც მთავრობა მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის- “ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში გეგმავს. მთავრობის მეთაური ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბათუმში მწვავედ დგას ავარიული სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების პრობლემა, რაც საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისათვის და აღნიშნულ პრობლემას ხელისუფლება უმოკლეს ვადაში გადაჭრის.
სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ საქართველოს მთავრობამ 28 მარტს დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში სრულად ჩანაცვლდება 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ახალი, თანამედროვე საცხოვრისით და 3000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს.
ამ მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ყველა დეველოპერს, მშენებელ კომპანიას პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო თავდებობას შესთავაზებს.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ავარიული სახლები დაათვალიერეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.