საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლის გასააქტიურებლად საარჩევნო კამპანიას იწყებს. მარგველაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ კამპანია არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი და მიმართული იქნება მხოლოდ იმისკენ, რომ ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებზე მივიდეს.
"დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი და განმსაზღვრელი არის ამომრჩევლის აქტიურობა. ხვალიდან ვიწყებ კამპანიას, რომელიც ორგანიზებულია და ორიენტირებულია ამომრჩევლის გააქტიურებისთვის. ეს იქნება ახალგაზრდების კამპანია, რომ ჩვენ შევძლოთ და გამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი. როგორც ჩანს, ყველაზე პასიური ამომრჩეველი 18-დან 35-წლამდე ამომრჩეველია. სწორედ ამ სეგმენტის გააქტიურება მინდა", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ახლა არის თვისობრივად უკეთესი საარჩევნო გარემო.
"კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით კი, მაწუხებს არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ სამართალდარღვევაზე რეაგირება. 2012 წელს კორცხელი იყო ყოველდღე. მუდმივად იზღუდებოდა მედია, იყო აგრესიის გამოვლენა. მედია დღეს ბევრად უფრო თავისუფალია", - განაცხადა მარგველაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, 2012 წლის არჩვენების დროს მთავარი იყო სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის შეცვლა, 2016 წლის არჩევნებში კი ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს "არა ვიღაცის შესაცვლელად, არამედ ვიღაცის ასარჩევად".