logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: მზად ვართ პუტინს შევხვდეთ!
- +

9 აგვისტო. 2016. 23:54


„მზად ვართ ასეთი შეხვედრის მომზადებისთვის, თუ იქნება პოლიტიკური ნება და გააზრება იმის, რომ საქართველოს ოკუპაციით არც ერთი რუსული პრობლემა არ წყდება", - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს" ეთერში შეკითხვას, აგვისტოს ომიდან 8 წლის თავზე არის თუ არა მზად რუს კოლეგასთან შეხვედრისთვის.



 ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ასეთი შეხვედრის მომზადებისთვის, თუ იქნება ამის პოლიტიკური ნება და ეს პოლიტიკური ნება მარტო საქართველოში ვერ წარმოიქმნება, ეს პოლიტიკური ნება უნდა წარმოიქმნას საქართველოშიც და რუსეთშიც. თუ იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან იმ რეალობის გააზრება, რომ საქართველოს ოკუპაციით არც ერთი რუსული პრობლემა არ წყდება, არამედ პირიქით, რუსეთს, როგორც დიდ მოთამაშეს ამით მხოლოდ ქულები აკლდება, თუ იქნება იმის გააზრება, რომ საქართველო რუსეთისთვის მტერი არ არის, არამედ საქართველო თავისი სუვერენიტეტის დაცვის პირობებში კეთილმეზობლობისკენაა განწყობილი, ბუნებრივია, ასეთ შეხვედრას ექნება აზრი. მე მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ელაპარაკო. შესაბამისად, იმედი მაქვს, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში გაჩნდება რაციონალური გააზრება იმ სირთულეებისა, რომელიც რუსულმა აგრესიულმა პოლიტიკამ რეგიონში წარმოქმნა და ჩვენ რაღაც მომენტში მივალთ რაციონალური დიალოგის კონტექსტამდე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა უშუალოდ აგვისტოს ომის შემდგომი 8-წლიანი ისტორიაც შეაფასა.


გიორგი ანწუხელიძემ იმ დღეებში ჩვენს ქვეყანას შეუნარჩუნა მომავლის იმედი, ღირსება და თავისი სიცოცხლის ფასად აჩვენა ოკუპანტს, რომ შეიძლება ქართველი მოკლა, მაგრამ ვერ დააჩოქებ. ამ იმედით და ამ ემოციით ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოღვაწეობას იმისთვის, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ და რეალურად მივიდეთ იმ ისტორიულ სამართლიანობამდე, რომელიც ერთიან საქართველოს აძლევს განვითარების, რეგიონის გაძლიერების და ქართველი ერისთვის მისი კუთვნილი ადგილის მიჩენის შესაძლებლობას. 8 წლის წინ მოხდა ომი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ გაუგებარ პრეცედენტად შევა ომების ისტორიაში... ეს არის ვითარება, როდესაც არც ერთმა მხარემ არ მოიგო, არამედ ყველამ წააგო", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, ომიდან 8 წლის თავზე აბსოლუტურად იზიარებს იმ საგარეო კურსს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია. „ესაა სტრატეგიული მოთმინების კურსი, რომელიც ორიენტირებულია რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე. პირველი ესაა არაღიარების პოლიტიკის მტკიცე შენარჩნება, რადგან ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რუსეთს, რომ არც ერთ კონტექსტში არავინ - მსოფლიო სახელმწიფოების უმეტესობა არ მიიღებს ამ ოკუპაციას, არ მიიღებს ფაქტს, რომ მეზობელმა ქვეყანამ მეორე მეზობელ ქვეყანას საყოველთაოდ აღიარებული საზღვრები შეუცვალა. ეს ასეც არის და ამას ვაგრძელებთ. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივად მზარდი მხარდაჭერა დევნილთა და ლტოლვილთა ღირსეული დაბრუნების კუთხით გაეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ჩვენ რუსეთს კი არ ვუპირისპირებთ ხმამაღალ, მჭახე განცხადებებს, არამედ ვთავაზობთ საუბარს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ფორმატებს, რომლითაც ეს ისტორიული აბსურდი, რომელიც ჩადენილია საქართველოს მიმართ, უნდა გამოსწორდეს. არავის უთქვამს, რომ ეს იქნება ერთ დღეში ან ორ დღეში და რომ ასეთი რაციონალური პოლიტიკა ნაყოფს გამოიღებს დღეებსა და თვეებში, მაგრამ ეს არის ერთადერთი პოლიტიკა, რომლითაც შენ უნდა ელაპარაკო შენს მეზობელ, ბირთვულ სახელმწიფოს და მეტიც, ესაა ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც ჩვენ რეალურად შეგვაძლებინებს არა მარტო ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, არამედ ჩვენი იმ მოქალაქეების დაბრუნებას, რომლებიც ცხოვრობენ ამ ოკუპირებლ ტერიტორიებზე", - აღნიშნა მარგველაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner