ევროკავშირმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ერთად ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი შექმნა, რომელიც რუსეთის სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს მას შემდეგ, რაც შოკისმომგვრელი სურათები გავრცელდა ქალაქ ბუჩადან რუსული ძალების გაყვანის შემდეგ.
„ევროკავშირი მზად არის, გააძლიეროს ეს ძალისხმევა ადგილზე საგამოძიებო ჯგუფების გაგზავნით უკრაინის პროკურატურის მხარდასაჭერად. Eurojust და Europol მზად არიან დასახმარებლად“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროკომისია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას ევროკავშირის ხელმძღვანელობით ჩატარებული გამოძიებისთვის.
ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას „დადგმული“ უწოდა.