საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესმა ვახტანგ გომელაურს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ესპანეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს პოლიციის ატაშეების როლი ორ სახელმწიფოს შორის საპოლიციო სფეროში თანამშრომლობის განვითარებაში, აგრეთვე, ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ესპანეთს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული შეთანხმების მნიშვნელობას, ერთობლივი ანალიზის ჯგუფების საქმიანობას და ევროპოლის ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას.
ესპანურმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ნარკოდანაშაული, არალეგალური მიგრაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება და სხვ. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.