უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის რუსეთთან მოლაპარაკებები გართულდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსული ჯარის მიერ განხორციელებული სისასტიკის მასშტაბები ცნობილი გახდა.
„ეს ომის დანაშაულებია და მსოფლიო ამას გენოციდად აღიარებს. ძალიან რთულია საუბარი, როდესაც ხედავ, რა გააკეთეს აქ. რაც უფრო დიდხანს გააჭიანურებს რუსეთი მოლაპარაკებების პროცესს, მით უფრო უარესია მათთვის, ამ სიტუაციისა და ომისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას „დადგმული“ უწოდა.