logo_geo
eng_logo
პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა
- +

5 აპრილი. 2022. 11:13

 

 

„საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე სს „საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისის ერთ-ერთ ოთახში, აღნიშნული კომპანიის დირექტორთან გ.ქ.-სთან და მის მეგობრებთან - ვ. გ. და კ. ქ.-სთან სასაუბროდ მივიდნენ მათი ნაცნობები - დ. მ., ვ. მ., მ. მ., ა. ბ., ო. რ., და გ. გ., ასევე მათი პირადი დაცვის წევრები - კ. მ., გ.ა., გ.პ., ლ.გ. და დ. ც., და თანმხლები პირები - ლ.კ., გ.გ., გ.ა., გ.მ., ო.ბ., ხ.ც. და შ.გ.

 

შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, კომპანიის დირექტორმა, მის საკუთრებაში არსებული იარაღიდან დაპირისპირებაში მყოფი პირების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად ო.ბ.-მ, მ.მ.-მ და დ.ც.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს.

 

აღნიშნული დაპირისპირების დროს პირადი დაცვის ერთ-ერთმა წევრმა კ.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა კ.ქ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.პ.-მ, გ.ა.-მ და გ.გ.-მ იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

 

სამართალდამცველებმა კ.მ., გ.ქ., გ.პ., გ.გ. და გ.ა. 3 აპრილს დააკავეს. კ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ.ქ.-ს ბრალდება 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლიდან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო გ.პ.-ს, გ.გ.-ს და გ.ა.-ს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner